სამართალი
პუტინის ყოფილი ბავშვთა ომბუდსმენი საქართველოში არ შემოუშვეს

 საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. პაველ ასტახოვი, რომელიც 2009-2016 წლებში იყო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ბავშვთა უფლებებში, უკმაყოფილოა, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს.

ამის შესახებ ასტახოვმა რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან თავად ისაუბრა.

ასტახოვი ამბობს, რომ ის საქართველოში სომხეთის საზღვრიდან შემოდიოდა და აქედან თურქეთში გადასვლას აპირებდა ნოეს კიდობანთან დაკავშირებული ფილმის გადასაღებად. ყოფილი რუსი მაღალჩინოსანი მესაზღვრეების გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და ამბობს, რომ ისინი ხელს აწერინებდნენ ქართულ-ინგლისურ პროტოკოლზე.

"სპასის გადამღებ ჯგუფთან ერთად სომხეთში გადავიღეთ მასალა ფილმისთვის ნოეს კიდობნისა და წარღვნის შესახებ, ჩვენ ვკვეთდით სომხეთ-საქართველოს საზღვარს, რათა ტრანზიტით თურქეთში გადავსულიყავით, არარატთან, სადაც ასევე იყო დაგეგმილი გადაღებები. მაგრამ საქართველოს საზღვარზე მესაზღვრეებმა უკანონოდ და უსაფუძვლოდ გაგვაჩერეს თითქმის შვიდი საათით, ჩამოგვართვეს საბუთები და დაათვალიერეს ყველა პირადი ნივთი, ცდილობდნენ დავერწმუნებინეთ, რომ ხელი მოგვეწერა პროტოკოლზე ქართულ და ინგლისურ ენეზე და საბოლოო ჯამში, ფილმის რეჟისორთან ერთად, ტრანზიტზე საერთოდაც უარი გვითხრეს", – თქვა რუსულ მედიასთან ასტახოვმა.

ასტახოვმა ქართველი მესაზღვრეების საქციელს "პროვოკაცია" და "თვითნებობა" უწოდა. "თარჯიმანიც კი არ წარმოგვიდგინეს". - თქვა ასტახოვმა. მისი სიტყვებით, შემთხვევა პარასკევს, 25 აგვისტოს მოხდა და ახლა უკვე თურქეთში არიან, სხვა გზით შესულები.