უცხოეთი
ევგენი პრიგოჟინი სანქტ-პეტერბურგში დაკრძალეს

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც 23 აგვისტოს ტვერის ოლქში დაიღუპა ავიაკატასტროფაში, პოროხოვსკის სასაფლაოზე დაკრძალეს სანქტ-პეტერბურგში. ამის შესახებ ბიზნესმენის პრესსამსახური იტყობინება.

გამომშვიდობების ცერემონია, სავარაუდოდ, დახურულ ფორმატში შედგა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ვაგნერის“ დამფუძნებელი შეიძლება დაეკრძალათ სერაფიმეს სასაფლაოზე ან სასაფლაო სევერნიზე.

პოროხოვსკის სასაფლაოს ადმინისტრაციამ ტელეგრამის არხ MSK1-ს განუცხადა, რომ ბიზნესმენი დაკრძალეს მოსკოვის დროით დაახლოებით საღამოს 4 საათზე.

„რია ნოვოსტის“ პრიგოჟინთან დაახლოებულმა წყარომ უთხრა, რომ, ნათესავების თხოვნით, გამოსამშვიდობებელი ცერემონია დახურული იყო. მათ გარდა დაკრძალვას ესწრებოდნენ მხოლოდ „ვაგნერის“ დამფუძნებლის უახლოესი მეგობრები.

23 აგვისტოს ტვერის რეგიონში ჩამოვარდა კერძო თვითმფრინავი, რომელსაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი იყენებდა. ოფიციალური განცხადებების თანახმად, დაიღუპა მასში მყოფი ათივე ადამიანი, მათ შორის პრიგოჟინი და დაქირავებულ მებრძოლთა რამდენიმე მეთაური.

radiotavisupleba.ge