უცხოეთი
ვატიკანი - რომის პაპი მოუწოდებდა ახალგაზრდებს, განავითარონ რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის დადებითი მხარეები, ეს ნამდვილად არ არის სახელმწიფო მოღვაწეების ქება

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. რომის პაპი რუსი ახალგაზრდების მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე უკრაინული მხარის კრიტიკას პასუხობს.

საუბარია რომის პაპის იმ განცხადებაზე, რომლითაც მან რუსეთის ახალგაზრდებს მიმართა, მათ წმინდანების, მმართველების, პეტრე პირველისა და ეკატერინე მეორის „დიდი რუსეთის“ და უდიდესი განათლების, კულტურისა და ჰუმანურობის მქონე იმპერიის შთამომავლები უწოდა, მოუწოდა მათ, რომ დაიცვან ეს მემკვიდრეობა.

ამაზე შეშფოთება გამოთქვა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. საგარეო უწყების შეფასებით, პაპი ფრანცისკეს ეს მიმართვა იმპერიალისტური პროპაგანდის ტოლფასია. უკრაინული მხარის საპასუხოდ განცხადება გაკეთდა ვატიკანში.

„რომის პაპი მოუწოდებდა ახალგაზრდებს, შეინარჩუნონ და განავითარონ რუსეთის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დადებითი მხარეები. ეს ნამდვილად არ არის იმპერიალისტური ლოგიკისა და სახელმწიფო მოღვაწეების ქება“, – განაცხადეს ვატიკანში.

25 აგვისტოს რომის პაპმა რუსეთის კათოლიკე ახალგაზრდებისადმი ონლაინმიმართვისას შემდეგი განცხადება გააკეთა:

„არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ხართ დიდი დედა რუსეთის, დიდი ქვეყნის, მისი ისტორიის, მისი წმინდანების, მისი დიდი კულტურული მოღვაწეების მემკვიდრეები. თქვენ ხართ დიდი რუსეთის მემკვიდრეები, ამიტომ გმადლობთ. გმადლობთ, რომ იცით, როგორ იყოთ ჭეშმარიტი რუსები. შეინახეთ ეს მემკვიდრეობა, გაუფრთხილდით მას“.

1tv.ge