სამართალი
მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ, სადაც წინ კლდის მასა ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, დავით ნოზაძის ინფორმაციით, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ, სადაც ორი დღის წინ კლდის მასა ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია.

დავით ნოზაძის განაცხადებით, ამ დროისთვის შეზღუდვა დაწესებულია მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც უშუალოდ მიმდინარეობდა სამუშაოები.

გეოლოგების მიერ გაცემული იყო პირველადი რეკომენდაციები. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია სამუშაოები, ტექნიკამ დაასრულა მუშაობა, გატანილია ჩამოტანილი ნაშალი კლდის მასა. რაიმე საფრთხე არ არსებობს. კონკრეტულ რეკომენდაციებს წერილობით მოგვაწვდიან გეოლოგიის სპეციალისტები. შეზღუდვა რჩება ტერიტორიის მხოლოდ ერთ ნაწილზე, სადაც უშუალოდ სამუშაოები მიმდინარეობდა. დაველოდებით გეოლოგების დასკვნას და მათი რეკომენდაციების შესაბამისად განვახორციელებთ სამუშაოებს, თუ რამე მითითებას მოგვცემენ“, – განაცხადა დავით ნოზაძემ.

ამასთან, როგორც დავით ნოზაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გეოლოგების დასკვნა დაახლოებით ორ დღეში იქნება ცნობილი.

დავით ნოზაძეს მედიის წარმომადგენლებმა ასევე მიმართეს კითხვით, რამდენად არსებობს საფრთხე ტერიტორიაზე, რაზეც მან აღნიშნა:

გარკვეული ნაწილის ჩამოშლა დასაშვებია თეორიულად, მაგრამ ნამდვილად არ არის რაიმე მითითება, რომ ამის მოლოდინი არსებობდეს. იმ შემთხვევაში, თუ მცირე მასა ჩამოიშლება, კვლავ საჭირო იქნება გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება. ისეთი არ არის, რომ რაიმეს შეუქმნას საფრთხე“, – განაცხადა დავით ნოზაძემ.