საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს კორუფციას სახელმწიფო ღალატს უთანაბრებს. ინიციატივის ავტორი სახალხო დეპუტატი დიმიტრი რაზუმკოვი და რადაში მისი გაერთიანებაა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პარლამენტს კორუფციისა და სახელმწიფო ღალატის შესახებ თავის კანონპროექტს წარუდგენს.
კანონპროექტის ავტორის, რაზუმკოვის ცნობით, მისი გუნდის მიერ წარდგენილი ინიციატივა ითვალისწინებს კორუფციისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ან სამუდამო პატიმრობას ქონების კონფისკაციით. რაზუმკოვის განმარტებით, საქმეებს გამოიძიებს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო, სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა, უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლო და არა – უკრაინის უსაფრთხოების სამსახური.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების სამსახურით მოქმედ ხელისუფლებას შეეძლება პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლა და საკუთარი კორუფციული საქმეების მფარველობა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გეგმავს პარლამენტში წარადგინოს კანონპროექტი, რომელიც ომის დროს კორუფციას სახელმწიფო ღალატს გაუთანაბრებს. უკრაინული მედიის ცნობით, რაზუმკოვისა და რადაში მისი გაერთიანების მიერ დოკუმენტის წარდგენის გათვალისწინებით, პრეზიდენტის ამგვარი კანონპროექტი იქნება ალტერნატიული და მისი განხილვა პირველი ინიციატივის განხილვის შემდეგ, 14 დღეში მოხდება.
1tv.ge