სამართალი
პაპუნა მარგველიძე: რაჭაში ამ დრომდე ნაპოვნი 31 მოქალაქის ცხედრიდან ყველა იდენტიფიცირებულია

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. რაჭაში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები, უკვე 28-ე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დრომდე ნაპოვნი 31 მოქალაქის ცხედრიდან უკვე ყველა იდენტიფიცირებულია, – ამის შესახებ რაჭის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის გრძელდება ორი მოქალაქის საძიებო სამუშაოები.

„სამძებრო ღონისძიებებო კვლავ გრძელდება. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, სადაც ჩართულია ყველა უწყება და გაგრძელდება, ვიდრე იქნება მცირედი თეორიული შანსი დაკარგული მოქალაქეების პოვნის. არეალი გახლავთ უშუალოდ კურორტ შოვის ტერიტორია, ასევე გრძელდება საძიებო სამუშაოები მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში გუმათჰესამდე“, – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

მისივე თქმით, გუშინ დღის მეორე ნახევარში იპოვეს ადამიანის ცხედრის ფრაგმენტი, რომელსაც ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში დნმ-ის კვლევა უტარდება.

ამასთან, რაჭის გუბერნატორმა საძიებო სამუშაოების დროს სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.

„მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა თავდაცვის ძალების უფროსი ინსტრუქტორის, თემურ ხარჩილავას გარდაცვალების გამო, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა სტიქიის ზონაში. ვუსამძიმრებ მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და ნათესავებს. ცუდად გახდა მეორე სამხედრო, ასევე სამძებრო ღონისძიებებში მონაწილეობდა. მოვინახულეთ ადგილზე. საავადმყოფოში დროულად იქნა გადაყვანილი და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დაუბრუნდება თუ არა სამძებრო ღონისძიებებს, ამას გადაწყვეტენ შესაბამისი უწყებები“, – განაცხადა მარგველიძემ.