სამართალი
ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილე: ჩვენ ფოკუსირებული ვართ კანდიდატ ქვეყნებთან ახლოს მუშაობაზე, რათა ევროკავშირში შესვლისთვის იყვნენ მზად

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. ევროკომისია შარლ მიშელის 2030 წლისთვის ევროკავშირის გაფართოების თარიღის დათქმაზე იდეას არ ეთანხმება, - ამის შესახებ განცხადებას ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილე დანა სპინანტი ავრცელებს.

„თარიღზე ორიენტირებული არ ვართ, არამედ ფოკუსირებული ვართ კანდიდატ ქვეყნებთან ძალიან ახლოს მუშაობაზე, რათა ევროკავშირში შესვლისთვის იყვნენ მზად“, - განაცხადა სპინანტმა.

მისი თქმით, გაფართოებაზე განცხადებების გაკეთებისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან კონსულტაციები არ გაიარა.

სპინანტის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია” და კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.