სამართალი
პრეზიდენტმა კონსტიტუცია არ უნდა დაარღვიოს - პოლიტოლოგი

 საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არ უნდა დაარღვიოს კონსტიტუცია და გაემგზავროს საზღვარგარეთ მთავრობის აკრძალვის მიუხედავად, მიიჩნევს პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე.

ზურაბიშვილი, მთავრობის მხრიდან უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპის ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისთვის. მმართველ პარტიაში ამას კონსტიტუციის დარღვევა უწოდეს, ეს კი პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ორიდან ერთ-ერთი საფუძველია.

„პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არ უნდა დაარღვიოს კონსტიტუცია. პირიქით, ის მისი სახეა, კონსტიტუციის უპირველესი გარანტი“, – განაცხადა კიკნაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

პოლიტოლოგის თქმით, მთავრობამ ზურაბიშვილს რიგ ვიზიტებზე უარი უთხრა, რადგან მისი ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები საქართველოს ინტერესებს არ შეესაბამებოდა.

„რატომ უთხრა მთავრობამ პრეზიდენტს ვიზიტებზე უარი? რადგან პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები საქართველოს ინტერესებს არ შეესაბამება. ის ამბობს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის მომხრეა, მაგრამ მისი ზოგიერთი განცხადება ამ სიტყვებს არ შეესაბამება“, – განაცხადა კიკნაძემ.

ექსპერტის თქმით, ჩვენ ძალიან საშიშ დროში ვცხოვრობთ, ომისა და მშვიდობის ზღვარზე, ხოლო პრეზიდენტის განცხადებები სიფრთხილით არ გამოირჩევა.

როგორც კიკნაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის განცხადებებით საქართველოს მოქალაქეებიც უკმაყოფილონი დარჩნენ.

საქართველოს პრეზიდენტი 2023 წლის შემოდგომაზე გერმანიაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიასა და დანიაში ჩასვლას გეგმავდა, დეკემბერში – ჩეხეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელში. მთავრობამ მას ყველა ვიზიტზე უარი უთხრა.

ხუთშაბათს, 31 აგვისტოს ზურაბიშვილი თავის გერმანელ კოლეგა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

ურთიერთობა ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის, რომლის მხარდაჭერითაც იგი 2018 წელს პრეზიდენტი გახდა, ძალიან დაძაბულია.

გასული წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი მიმართა, როდესაც პრეზიდენტმა უარი თქვა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე. სარჩელის შეტანის მიზანი იყო - დაემტკიცებინათ პრეზიდენტისთვის, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს მთავრობა და არა ის. 2023 წლის თებერვალში მთავრობამ სარჩელი გაიწვია.

ამის შემდეგ ურთიერთობები ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის კიდევ გაუარესდა.

2023 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ზურაბიშვილმა მმართველი პარტია დაადანაშაულა ქვეყნის პროდასავლური კურსის შეცვლაში და მოსახლეობის დარწმუნების მცდელობაში, რომ ევროპა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

მისი თქმით, 2021 წელს დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია", რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში არ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მაშინ სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა.

მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ლიდერები, რომელთა მხარდაჭერითაც ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს აცხადებენ, რომ ის ოპოზიციაში გადავიდა.