სამართალი
არასამთავრობოები: პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა არის თავდასხმა ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებაზე

 საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, რომ შეწყვიტოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა და განაცხადეს, რომ ეს არის თავდასხმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებაზე.

„პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყება იმის გამო, რომ ის ევროკავშირის ლიდერებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების საჭიროებაში არწმუნებს, პირდაპირი იერიშია ევროკავშირზე, რაც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმაც აღნიშნეს“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ორგანიზაციების თქმით, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ავალდებულებს როგორც პრეზიდენტს, ისე მთავრობას, მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. „საგანგაშოა, რომ მთავრობა არათუ უგულებელყოფს საკუთარ ვალდებულებას, არამედ საქართველოს პრეზიდენტს – კონსტიტუციურ ორგანოს, ხელს უშლის ჩვენი ისტორიული არჩევანის განხორციელებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციებმა შეახსენეს საქართველოს მთავრობას ქართველი ხალხის ურყევი ნება ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ და მოუწოდეს, რომ „შეწყვიტოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის სახით, ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანება“.