სამართალი
გიორგი ვაშაძე: ღიად ვამბობ, კრის სოჩასთან სანქციებზეც გვქონდა საუბარი

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. ღიად ვამბობ, კრის სოჩასთან სანქციებზეც გვქონდა საუბარი. მეტს ვერ გეტყვით ამ საკითხზე, ყველაფერი დამოკიდებულია ფაქტებზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მრჩეველ კრის სოჩასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კრის სოჩას გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილთან და ამავე პარტიის წევრ თინა ბოკუჩავასთან ერთად შეხვდა. ვაშაძის თქმით, კრის სოჩა არის ადამიანი, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ძალიან აქტიურად ადევნებს და მის სიტყვას და პოზიციებს აშშ-ში დიდი გავლენა აქვს.

„ამერიკა, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს ქართველ ხალხს და სტრატეგიული პარტნიორობა ვერაფრით გაქარწყლდება, რაც არ უნდა რაიმე დოკუმენტებს ხელს აწერდეს „ქოცობა" ჩინეთთან თუ სხვასთან. ეს იყო დახურული შეხვედრა, ყველაფერზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ღიად გეუბნებით, კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს უნდა ველოდოთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში. აშშ-თვის, ის უზარმაზარი ინვესტიცია, რაც ჩადებულია საქართველოს ფეხზე დაყენებაში, ასობით მილიარდი დოლარი ამერიკელი გადამხდელების ფული, რომ ელემენტარულად გვქონდეს გზა, ინსტიტუციების, იუსტიციის სახლი თუ ნებისმიერი სხვა პროექტი, ეს ასე ვერ გადაიყრება, რაც არ უნდა პრორუსული იყოს ხელისუფლება საქართველოში. ამიტომ, სრული მხარდაჭერა ექნება ყველა მედასავლეთეს და აუცილებლად გამოაშკარავდება უფრო ღიად, ვინ მუშაობს რუსული ინტერესების გასატარებლად“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ოქტომბერში აშშ-ში შეხვედრებს გამართავენ.