სამართალი
სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე “მელია საქართველოს წინააღმდეგ” დარღვევა არ დაადგინა

 საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მელია საქართველოს წინააღმდეგ” დაადგინა, რომ თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, ასევე უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები არ დარღვეულა.

განმცხადებელი ნიკანორ (ნიკა) მელია პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი დეპუტატია. მან სასამართლოს მიმართა მის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტებით (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და მე-18 მუხლით (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) დადგენილი უფლებების დარღვევის თაობაზე. მელია თვლიდა, რომ მის მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენება იყო გაუმართლებელი და მიზნად ისახავდა პოლიტიკური ცხოვრებისგან მის ჩამოშორებას. ნიკა მელია 2019 წლის 20-21 ივნისის ე.წ “გავრილოვის ღამის” აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს, როდესაც მან დემონსტრანტებს პარლამენტის შენობაზე კონტროლის აღებისკენ მოუწოდა.

საქართველოს მთავრობის პოზიციით, საკითხი განმცხადებლის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებით მოგვარდა, რის შემდეგაც მან მერის არჩევნებში მონაწილეობაც მიიღო და აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდა.

სასამართლომ დაასკვნა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებლის დაკავება განხორციელდა მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, ერთი მხრივ, ნაციონალურ მოძრაობასა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს და, მეორე მხრივ, მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ შორის, განმცხადებელის არგუმენტები, ცალკე აღებული თუ ერთად, არ ქმნის ერთ მთლიანს, რათა სასამართლომ დაადგინოს, რომ განმცხადებლის პატიმრობა ემსახურებოდა მიზანს, რომელიც კონვენციით არაა გათვალისწინებული“.