საზოგადოება
ედუარდ სააკაშვილი – გინესის რეკორდსმენი

ginesiსაქართველოს პრეზიდენტის უფროსი ვაჟი, 15 წლის ედუარდ სააკაშვილი, გინესის რეკორდსმენი გახდა I-Pad-ზე ინგლისური ანბანის სწრაფად აკრეფაში. მას მარჯვენა ხელით ანბანის სრულად ასაკრეფად 5,26 წამი დასჭირდა.

პრეზიდენტის ვაჟმა წინამორბედი რეკორდსმენის, ბრიტანელი თინეიჯერის, ჩარლი ჯოზეფ მაკდონელის, შედეგი 1,5 წამით გააუმჯობესა.

ბათუმში, იუსტიციის სახლში, გამართულ პროცესს უშუალოდ აკვირდებოდა და მსაჯობდა გინესის მსოფლიო რეკორდების მსაჯი შეიდა სუბასი გენიჯი, რომელმაც რეკორდის დამყარების შემდეგ ედუარდ სააკაშვილს წარმატება მიულოცა და მას შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა.

რეკორდის დამყარების პროცესს იუსტიციის სახლში საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილიც ესწრებოდნენ.

 

საქინფორმი