სამართალი
სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი მამის დაჭრის ფაქტზე დამნაშავედ ცნო

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინციდენტი 2021 წელს მოხდა, რომლის დროსაც ლაზარე გრიგორიადისმა მამას ცივი იარაღით, დანით ბარძაყის არეში დაზიანება მიაყენა და მისი კუთვნილი ავტომანქანის უკანა საქარე მინა ჩაამტვრია.

მოსამართლე ნინო ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, გრიგორიადისისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირდა, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. გრიგორიადისი 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში იქნა ცნობილი დამნაშავედ, რაც გრიგორიადისს მამის კუთვნილი მანქანის დაზიანებას გულისხმობს.

მართალია ლაზარე გრიგორიადისი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს, მამამისს მომხდარზე პრეტენზია არ აქვს. სასამართლოზე ბექა გრიგორიადისმა დარბაზიდან განაცხადა, რომ იგი ძალიან ნასვამი იყო და „ბავშვი არაფერ შუაში იყო“. მოსამართლემ ბექა გრიგორიადისი წესრიგის დარღვევის გამო სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

ლაზარე გრიგორიადისი „უცხოური აგენტების“ კანონის წინააღმდეგ თბილისში 7-9 მარტს გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ, 29 მარტს დააკავეს. მას პოლიციისთვის ქვებისა და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა ედებოდა ბრალად. 31 მარტს, სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.