სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვიმსახურებთ სტატუსს, ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის

 საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. მე, იცით, რომ მქონდა შეხვედრა ბატონ შარლ მიშელთან, რამდენიმე ევროპული ქვეყნის ლიდერებთან, სადაც მე მათ ღიად ვესაუბრები, იმაზე უფრო მეტს ვსაუბრობ ღიად, დახურულ ფორმატში, რასაც საჯაროდ ვამბობ, ჩემი გზავნილი არის მარტივი და ძალიან ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი, რომ ქვეყანა, გატარებული რეფორმების გათვალისწინებით და მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით და აი ამ რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მე ეს მათ მკაფიოდ დავუფიქსირე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სხვა შემთხვევაში ეს იქნება მორიგი სტრატეგიული შეცდომა ევროკავშირის და უბრალოდ ძალიან უსამართლო მოპყრობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის.

„სხვა შემთხვევაში მათ ვუთხარი, რომ ეს იქნება მორიგი სტრატეგიული შეცდომა ევროკავშირის და უბრალოდ ძალიან უსამართლო მოპყრობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის. მე ეს ბატონ ბორელთანაც პრესკონფერენციაზე შემთხვევით არ მითქვამს, რომ ქართველებს მართლაც არ გვიყვარს და მიუღებელია, აბსოლუტურად მიუღებელია უსამართლო მოპყრობა, ჩვენ ამას არ შევეგუებით, ისევე როგორც მიუღებელია მცდელობა, რაიმე მცდელობა, რომ ჩვენ ვიღაცამ დაგვჩაგროს და მეორე და მესამე რიგებში გადაგვსვას, რატომ?! იმიტომ, რომ საქართველო ეგრეთ წოდებული ტრიოს ფორმატში უკრაინა, მოლდოვა და საქართველოს ფორმატში ყოველთვის იყო და არის დღესაც მოწინავე პოზიციებზე. ჩვენ ყველა მიმართულებით წინ ვუსწრებთ მოლდოვასაც, უკრაინასაც, შედარება არ შეიძლება, არსებობს უამრავი სფეროები და მიმართულებები, სადაც შედარება არ შეიძლება იმდენად წინ ვართ ჩვენ ამ ქვეყნებთან მიმართებაში. ჩვენ არავისი კარგი არ გვწყინს, არ გვშურს, გვინდა ყველას ვუსურვოთ უფრო მეტი პროგრესი, მაგრამ ერთი რამ მინდა ცალსახად დავაფიქსირო, რაც მე მათ ვუთხარი პირდაპირ, რომ ჩვენ ვიმსახურებთ სტატუსს, სხვა შემთხვევაში ამოუხსნელი იქნება მათი გადაწყვეტილება, თუ, მე არ მინდა მოვლენებს გავუსწრო წინ, მაგრამ ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი ჩვენთვის, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ შარშან მე შეგახსენებთ, არც უკრაინას და არც მოლდოვას არ ჰქონდა შესრულებული არც ერთი პრიორიტეტი, არც ერთი პირობა და მათ ავანსად, ეგრეთ წოდებულ ბონუსად მისცეს ეს სტატუსი, ჩვენ ამ ერთი წლის შემდეგ ამდენი რაღაც გავაკეთეთ, მანამდეც გაკეთებული გვქონდა, მაგრამ ამდენი რაღაც გავაკეთეთ ახლაც ხომ ერთი წლის განმავლობაში, ასეთი ღია, გამჭირვალე პროცესი ვმართეთ, რა თქმა უნდა, ქვეყანა იმსახურებს სტატუსს. მე დიდი იმედი მაქვს და ეხლა რამდენიმე დღის წინ ამერიკის შემდეგ უკვე, ბატონი ილია დარჩიაშვილი იყო ჩასული ბრიუსელში, მას ჰქონდა კარგი შეხვედრები და საკმაოდ პოზიტიური მესიჯები და სიგნალები მოდის ევროპიდან. მე არ მინდა მოვლენებს გავუსწრო. მე ვფიქრობ, რომ ბოლო რამდენიმე პუნქტი, რაც დაგვიტოვეს, ასე ვთქვათ, ბორელის გუნდმა, ბოლო დაზუსტებები, ამაზეც იცით, რომ ბატონი ირაკლი კობახიძე გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ ამ ყველაფერს, ვასრულებთ და შევასრულებთ, ძალიან მალე დაიხურება ეს პროცესი თვის ბოლომდე, ასე რომ არავითარი მიზეზი და საბაბი, რატომ არ უნდა მივიღოთ ჩვენ სტატუსი არ ექნებათ ჩვენს ევროპელ მეგობრებს“, - განაცხადა პრემიერმა.