პოლიტიკა
რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზა ოჩამჩირეში: ფარი თუ ხმალი? – არნო ხიდირბეგიშვილი

    ნებისმიერი ხელშეკრულება მთავრდება გრაფით „ფორს-მაჟორი“, სადაც ჩამოთვლილია დაუძლეველი ძალის გარემოებები, რომლის დროსაც მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის. მათ შორისაა როგორც სტიქიით გამოწვეული – მიწისძვრები, წყალდიდობები, ქარიშხლები, ხანძრები, ასევე ადამიანების ბრალეულობით გამოწვეული – ომები, რევოლუციები, გაფიცვები, ეპიდემიები.

   დასავლეთი და მისი აგენტები საქართველოში ვერ ამჩნევენ, ან არ იმჩნევენ დაუძლეველი ძალის იმ ფორსმაჟორულ გარემოებებს, რომელთა პროვოცირებაც თავად მოახდინეს. „პოლიტიკურ ცხოველებს“, რომლებსაც პუტინმა „ვალდაიზე“ მიმართა სიტყვებით „ვინ ხარ საერთოდ?!“, არაფრით არ შეუძლიათ, ან არ სურთ დაიჯერონ, რომ რუსეთთან გადააჭარბეს და ახლა უკრაინის ომიდან გამოსვლა გაცილებით ძვირად დაუჯდებათ, ვიდრე ავღანეთიდან გასწრება 20 წლის შემდეგ. ვაშინგტონის „ობკომში“ და უფრო ზემოთ - ლონდონის „ცეკაში“ ჯერ კიდევ არ ესმით, რომ მათი ექსპერიმენტი უკრაინაში იქცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული და „ცივი ომის“ შემდეგ რევიზიას დაქვემდებარებული შეკავებებისა და საპირწონეების ისედაც არასრულყოფილი მსოფლიო სისტემის საბოლოო ჩამონგრევის ტრიგერად. ერთპოლარულობიდან მრავალპოლარულობაზე, გლობალიზაციიდან რეგიონალიზაციაზე გადასვლას თან ახლავს სამხედრო კონფლიქტები, ტერორიზმის აზვირთება და ბუნებრივი კატაკლიზმები უკანა პლანზე გადასული გარემოსდაცვითი პრობლემების შედეგად, მაგრამ შეუძლებელია ამ პროცესის შეჩერება, ისევე როგორც ზვავისა, რომელიც მთის მწვერვალიდან მოწყდება და გზაზე ყველაფერს წალეკავს! შედეგად, რუსეთის ფედერაციის საზღვრები და მისი გავლენის საზღვრები რუსული ეროვნული ინტერესების ზონებზე დინამიკური გახდა, არადა, დასავლეთს რომ შორსმჭვრეტელობა გამოეჩინა და საქართველოს შემდეგ შეჩერებულიყო, იმის ნაცვლად, რომ მოეხდინა სააკაშვილის კიევში პორტირება, „დათვს“ დღემდე „ბურჟუასავით“ ეძინებოდა და რუსეთში „პარადს“ უწინდებურად წარუძღვებოდნენ მოღალატეები - უცხოური გავლენის აგენტები, რომლებმაც ის სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ დატოვეს.

   მეეჭვება, რომ დასავლეთსა და საქართველოს შეესმინათ პუტინის მთავარი გზავნილები „ვალდაიზე“ - სახელმწიფო-ცივილიზაციების სინერგია და თვითკმარობა, ყოველგვარი უნიფიკაციისგულებელყოფა, ტრადიციები და თვითმყოფადობა გლობალიზაციის ნაცვლად და ა.შ. ამას დასავლეთში არც კი განიხილავენ, რადგან ის სრულებით ეწინააღმდეგება „ან იდიოტების, ანდა ნაძირლების“ კრედოს, როგორც პუტინმა საზოგადოდ უწოდა მათ, ვინც ფეხზე წამომდგარი აპლოდისმენტებით აჯილდოებდა ფაშისტ დამნაშავეს კანადის პარლამენტში. საკუთარი საზომით მზომი, ცუდად განათლებული და კიდევ უფრო უარესად ინფორმირებული ამერიკელი და ევროპელი ლიდერები ვერ გაიგებენ, რომ რუსებისთვის უკრაინის ომი არის ომი ღირებულებებისთვის და არა ტერიტორიებისთვის, და რატომ არ აქვს რუსეთს, რუსულ სამყაროს საზღვრები. ერთი პოზიტიური ნაბიჯის საპასუხოდ რუსეთი ორით უპასუხებს, მაგრამ საქმე ისაა, რომ რუსეთის ოპონენტებს არ სურთ ამ ერთი პოზიტიური ნაბიჯის გადადგმა პირველებს, ხოლო როცა რუსეთი ცალმხრივად დგამდა შემრიგებლურ ნაბიჯებს, ყოველთვის აგებდა და ცინიკური ხუმრობების ობიექტი ხდებოდა.

   აქ ჩნდება არაერთი კითხვა, მაგალითად: როგორ მოხდა, რომ დასავლეთმა, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ცივი პრაგმატიზმის ეტალონად მივიჩნევდით, უკრაინაში ასეთი აპრიორი წამგებიანი ფორსმაჟორული პროექტი წამოიწყო? რატომ ვერ გამოთვალეს მათმა ანალიტიკოსებმა, რომ რუსეთი გაუძლებდა მესამე მსოფლიო ომსაც, რომელსაც უკვე აქვს კატასტროფული შედეგები ევროკავშირისთვის? როგორ მოხდა, რომ დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციისა და სკკპ-ს სამშობლოში პრეზიდენტი დღეს ემხრობა ეროვნულ-ეგზისტენციალურ ღირებულებებსა და პიროვნების თავისუფლებას, ხოლო დასავლეთი - "დემოკრატიისა" და "ადამიანის თავისუფლებების" ციტადელი! - ჰეგემონიასა და დიქტატურას განასახიერებს? აშშ და ევროპა ადგენენ ერთგვარ მსოფლიო წესრიგსა და წესებს, რომლებიც თავად მოიგონეს და თავადვე არღვევენ, რაკიღა საკუთარი გამსაკუთრებულობის სწამთ, ხოლო სხვებს მათ შესრულებას აიძულებენ: რა ჰქვია ამას - რასიზმი, ქსენოფობია თუ ჩვეულებრივი ნაციზმი?!

მაგალითად, დღეს მათ საქართველოს წაუყენეს ახალი პირობები - 12 მოთხოვნა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ასეთი ვალდებულებები ეკისრება მეორეხარისხოვან ქვეყნებს, სადაც მეორეხარისხოვანი ადამიანები ცხოვრობენ, ეს ვალდებულებები ამახინჯებს კონსტიტუციას, შეურაცხყოფს ეროვნულ მენტალიტეტს და ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს. მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მთელი ძალ-ღონით ცდილობს მათ შესრულებას, რათა ერთ თვეში საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და, კომპეტენტური დასავლური წყაროების კულუარული ინფორმაციით, საქართველოს ამ სტატუსს მიანიჭებენ.

   ხოლო რუსეთის ფედერაცია აპირებს სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნას ოჩამჩირეში, რომელზეც საქართველოს ხელისუფლებამ მორიგე-შეშფოთებული განცხადებები გააკეთა, ხოლო რადიკალურმა ოპოზიციამ - საგანგაშო, ისტერიკაში გადაზრდილი - აქაოდა, რუსეთი აფართოებს სამხედრო მოქმედებების თეატრს - ხსნის სამხედრო-საზღვაო ბაზას თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 30 კმ-ში, რაც ხელისუფლების პრორუსული ორიენტაციის შედეგია! ცეცხლზე ნავთი დაასხეს ზოგიერთ რუსულ მედიაში გამოქვეყნებულმა პუბლიკაციებმა, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სევასტოპოლზე იერიშის შემდეგ, საკუთარი ხომალდები რაკეტებს მოაშორა - გადაიყვანა ფეოდოსიასა და ნოვოროსიისკში - აქაოდა, ახლა კიდევ უფრო შორს გადაიყვანს - ოჩამჩირეში, უკრაინის პროვოცირებისთვის აფხაზეთზე - საქართველოზე სარაკეტო იერიშის განსახორციელებლად!

   და ისევ ჩნდება კითხვები: განა შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას შეაჩეროს დაუძლეველი ძალის გარემოებები, მოცემულ შემთხვევაში უკრაინის ომი და მასთან დაკავშირებული სამხედრო-საზღვაო ფლოტის მანევრები შავ ზღვაში? რა თქმა უნდა, არა. მაშინ რა აზრი აქვს ახალი რუსული სამხედრო ბაზის გახსნის კრიტიკას, რაც, რა თქმა უნდა, რუსეთის საზღვრების დინამიური გაფართოების, ამ შემთხვევაში, სამხრეთ კავკასიაში რუსების აქ ყოფნისა საზღვრების გაძლიერების შედეგია? და განა ეს არ იქნება უკვე მეოთხე რუსული ბაზა, გუდაუთაში მე-7, ცხინვალსა და ჯავაში მე-4 და გიუმრსა და ერევანში 102-ე ბაზის ჩათვლით? განა მანამდე შავი ზღვის ფლოტის ხომალდები აფხაზეთში არ იდგა? დიახ, უკრაინას აღარ ჰყავს სამხედრო-საზღვაო ფლოტი, მაგრამ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზა ოჩამჩირეში რამდენადმე გააცივებს აშშ-ის მე-6 ფლოტის ან ნატოს გემების სურვილს, შევიდნენ შავი ზღვის აკვატორიაში ძალის დემონსტრირების მიზნით.

   იქცევა თუ არა ახალი რუსული სამხედრო ბაზა საქართველოსთვის საფრთხედ? საეჭვოა, რადგან საქართველოსაც არ ჰყავს სამხედრო-საზღვაო ფლოტი, შესაბამისად, საქართველოს დასაპყრობად რუსეთს სამხედრო ხომალდები არ სჭირდება, ხოლო აფხაზეთზე სარაკეტო თავდასხმებს ვაშინგტონი არ მოიწონებს და, შესაბამისად, პენტაგონის თანამგზავრები და უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ნაჩუქარ ამერიკულ რაკეტებს არ დაუმიზნებს. და საერთოდ, შტატებს უკვე უკრაინისთვის არ სცალია - ისრაელს უნდა დაეხმაროს!

   რაც შეეხება მოსახლეობას, შეგახსენებთ, რომ საქართველოში რუსულ ბაზებზე - იქნება ეს ვაზიანი, ახალქალაქი თუ ბათუმი - ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმებული იყო მიმწოდებლებად, ხელოსნებად და სხვა არასამხედრო პოზიციებზე, ბაზები ადგილზე ყიდულობდნენ საკვებ პროდუქტებს ყველაზე მაღალ ფასებად, ხოლო პირადი შემადგენლობა მუნიციპალიტეტების მოთხოვნით ეხმარებოდა სამოქალაქო მოსახლეობას სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებში, ამიტომ მოსახლეობა საქართველოდან მათ წასვლას დანანებით შეხვდა. ამიტომ, სარგებლობენ აფხაზებიცა და ოსებიც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული ბაზების ყოფნის სიკეთეებით.

   ზემოაღნიშნულიდან გამოდის, რომ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზა ოჩამჩირეში საქართველოსა და მისი მოსახლეობისთვის საშიშ მახვილად კი არა, ზღვის მხრიდან საიმედო ფარად იქცევა.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 8 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი