სამართალი
შალვა პაპუაშვილი: ამომრჩეველთა 90 პროცენტი 2024 წელს შეძლებს, ხმა მისცეს ელექტრონული მთვლელის მეშვეობით

 საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. ამომრჩევლების 90 პროცენტი 2024 წელს შეძლებს, ელექტრონული ტექნოლოგიებით გაიაროს ვერიფიკაცია საარჩევნო უბანზე, ასევე, ხმა მისცეს ელექტრონული მთვლელის მეშვეობით. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან ბოლოს მოუღებს ყველანაირ სპეკულაციას, რომელიც რადიკალური ჯგუფებიდან მოდიოდა არჩევნებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ელექტრონული არჩევნების ტექნოლოგიებთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის მასშტაბური კამპანია პარლამენტიდან დაიწყება, ვინაიდან აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვის გადაწყვეტილება სწორედ საკანონმდებლო ორგანოში იქნა მიღებული.

„დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისია ელექტრონული არჩევნების ტექნოლოგიებთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის მასშტაბურ კამპანიას იწყებს. ჩვენ შევთავაზეთ, პარლამენტი ყოფილიყო პირველი ადგილი, სადაც ეს კამპანია დაიწყებოდა, როგორც ადგილი, სადაც მიღებული იქნა ელექტრონული არჩევნების ტექნოლოგიის დანერგვის გადაწყვეტილება. ეს იყო, ერთი მხრივ, დიდი მუშაობის შედეგი, ამავე დროს, იყო საკითხი, რამდენად შეძლებდა ცესკო, აეწია ეს ტვირთი. ვნახეთ, რომ, საბედნიეროდ, ბევრი პილოტი, რომელიც ჩატარდა, იყო ძალიან წარმატებული. ასევე ვნახეთ, რომ ჩვენი ოპტიმისტური გათვლები დადასტურდა. 90 პროცენტი ამომრჩევლებისა 2024 წელს შეძლებს, სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიებით გაიაროს ვერიფიკაცია საარჩევნო უბანზე, ასევე, ხმა მისცეს ელექტრონული მთვლელის მეშვეობით. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, ვინაიდან ბოლოს მოუღებს ყველანაირ სპეკულაციას, რომელიც რადიკალური ჯგუფებიდან მოდიოდა არჩევნებთან დაკავშირებით. ყველა თემა, რაც გაგიგონიათ არჩევნებთან დაკავშირებით – ბათილი ბიულეტენების რაოდენობაზე კითხვები, ოქმებთან დაკავშირებით, პარალელური დათვლის, გვახსოვს მთელი ეს პერიპეტიები და ა.შ. – ყველაფერ ამაზე ტექნოლოგიურად იქნება პასუხი გაცემული, ისე, რომ კითხვის ნიშანი არ დარჩება. ბიულეტენები, ბათილობა, ოქმები, ბალანსი და ა.შ. გამოჩნდა, რომ ამ თემებთან დაკავშირებით არცერთი კითხვა არ იყო. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო და ეს ტექნოლოგია დაინერგება, ვინაიდან ჩანს, რომ უკვე არის მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საინფორმაციო თავდასხმის მცდელობები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა: „საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ არიან, როგორც აქამდე იღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში, ასევე მიიღებენ, აქ არაფერი იცვლება, პირიქით, ელექტრონული ტექნოლოგიები ელექტრონული მთვლელების მეშვეობით იქნება. შესაბამისად, თუ საჭიროება იქნება, არ ვიცი, უბნები რამხელა არის, იმისდა მიხედვით იქნება გამოყენებული ელექტრონული მთვლელები. ამავე დროს, თუ საუბრობთ დისტანციურად ხმის მიცემის შესაძლებლობაზე, ეს ტექნოლოგია მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია დანერგილი და დიდი რისკის შემცველი ტექნოლოგიაა.

სულ ახლახან იყო დიდ ბრიტანეთში, მაგალითად, დისტანციურად უნდოდათ პარტიული არჩევნების ჩატარება და გააუქმეს იმის გამო, რომ რუსეთის ჩარევის დიდი რისკი იყო. სხვა ქვეყნებშიც იყო ამის პრეცენდენტი, მათ შორის, გერმანიაში საკონსტიტუციო სასამართლომ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაც კი მიიღო, რომ სავალდებულოდ არ დაწესებულიყო. არის რისკი, რომ მოხდეს ჩარევა. ჩვენ ვხედავთ, რომ არის ინტერესები საქართველოს არჩევნების მიმართ გარედან და, რა თქმა უნდა, ეს ამ რისკებთანაა დაკავშირებული. სხვა მხრივ, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რა თქმა უნდა, თანაბრად ექნება ხმის მიცემის შესაძლებლობა“.