სამართალი
საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ სამმა თანამშრომელმა დატოვა

 საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის მარეგულირებელი პოლიტიკის განვითარების განყოფილების უფროსმა ეკა ბერიანიძემ თანამდებობა დატოვა.

ბერიანიძეს 2016 წლიდან ეროვნული ბანკში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა. ის ჩართული იყო საფინანსო სექტორში კონკურენციის მარეგულირებელი აქტების შემუშავების პროცესებში.

10 ოქტომბერს ეროვნული ბანკი იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ქუსიკაშვილმაც დატოვა. „ვადასტურებ. დანარჩენზე კომენტარს არ გავაკეთებ“, – განაცხადა მან.

უფრო ადრე, სექტემბრის ბოლოს, ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გვანცა ცქიტიშვილმა დატოვა.

თანამშრომლების გადინება ეროვნული ბანკიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ სანქციების აღსრულების წესებში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც „საქართველოს მოქალაქეზე არ გავრცელდება საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი“. ამ ცვლილების შედეგად, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება აღარ შეეზღუდება.

თურნავას სადავო გადაწყვეტილების შედეგად თანამდებობები დაუყონებლივ დატოვა სამმა ვიცე-პრეზიდენტმა – პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ, მოგვიანებით კი პოსტიდან ბანკის ხელმძღვანელის მრჩეველი, გიორგი ბაქრაძეც გადადგა.