აქტუალური
"ეხო კავკაზა": „ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა რუსეთის დიქტატურად აღიარების შესახებ ევროსაბჭოს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს

 საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა რუსეთის დიქტატურად აღიარების შესახებ ევროსაბჭოს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს.

ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" პროექტი "ეხო კავკაზა” ავრცელებს.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 13 ოქტომბერს მიღებული რეზოლუცია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „არალეგიტიმურად“ აცხადებს, თუ ის თანამდებობაზე 2024 წლის არჩევნების შემდეგაც დარჩება.

საქართველოდან აღნიშნულ რეზოლუციას მხოლოდ პარტია „მოქალაქეების” დეპუტატმა ქეთევან თურაზაშვილმა დაუჭირა მხარი.

ასამბლეაში „ქართული ოცნების“ დელეგაციის ხელმძღვანელის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენელთა ნაწილი დამკვირვებლების როლში პოლონეთში იმყოფებიან, ხოლო მას „სხვა საქმეები“ ჰქონდა.

„ჯერ ერთი, თქვენთან ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტების შეთანხმებას არ ვაპირებ. მეორე რიგში, საზოგადოებას ავუხსენი და ვთქვი, რომ ადრე, სხვადასხვა წლებში, სხვადასხვა შემადგენლობით ვმონაწილეობდით [ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის] სესიებში, ამიტომ აქ არანაირი ქვეტექსტი არ არსებობს. თუ რუსეთის ფედერაციასთან განვიხილავთ რამეს, ან რამეზე ვსაუბრობთ, ეს მხოლოდ ერთი ამოცანიდან გამომდინარეობს - ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი თანამოქალაქეების მდგომარეობა“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ამავდროულად, კითხვაზე არის თუ არა რუსეთში დიქტატურა „ქართული ოცნების” დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსეთში „არის პრობლემები, რომლებიც დემოკრატიის სრულფასოვან მოქმედებასთან არის დაკავშირებული“.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” დელეგაცია 2022 წელს ევროსაბჭოს რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ რეზოლუციასაც არ შეუერთდა.