აქტუალური
ირაკლი კობახიძე: ჩვენი პასუხისმგებლობა არის არ დავტოვოთ კონსტიტუციის არც ერთი უხეში დარღვევა რეაგირების გარეშე

 საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. “ჩვენ მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციის დარღვევა არის მძიმე, უხეში, მრავალჯერადი. ეს არის კონსტიტუციის ღალატი, ეს არის ამ კონსტიტუციაზე დადებული ფიცის ღალატი, რაც არ შეიძლება დარჩენილიყო რეაგირების გარეშე“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისას.

მისი თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილია, თუმცა რადიკალურ ოპოზიციას დემოკრატიის ეს ასპექტიც აღიზიანებს.

„რაც შეეხება ჩვენს პასუხისმგებლობას - ჩვენ დღეს ვმოქმედებთ იმ პასუხისმგებლობით, რომელიც გვაკისრია საქართველოს კონსტიტუციის, ქვეყნის ძირითადი კანონის წინაშე, ჩვენი პასუხისმგებლობა იყო და არის არ დავტოვოთ კონსტიტუციის არც ერთი უხეში დარღვევა რეაგირების გარეშე და იმპიჩმენტის პროცედურა არის სწორედ ამ პასუხისმგებლობის გამოხატულება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ქართული საზოგადოება სამი დღის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოში არგუმენტებს ისმენდა თუ რატომ დაირღვა უხეშად პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუცია.

„ეს აღარ არის ჩვენი საქმე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეა ფაქტის დადგენა, რაც შეეხება პარლამენტს, ის იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას დადგენილი სამართლებრივი ფაქტის მიხედვით. ეს იყო უმარტივესი სამართლებრივი კაზუსი და მინდა, შეგახსენოთ, რა იყო ამ კაზუსის ფაბულა და მოცემულობა. საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი პრეზიდენტისგან ითხოვს მთავრობის თანხმობის მიღებას, როდესაც მას სურს ვიზიტის განხორციელება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სრულად იყო ინფორმირებული და ის რეგულარულად ითხოვდა თანხმობას. ამ შემთხვევაში, როდესაც მიდიოდა გერმანიაში, ითხოვა თანხმობა, თუმცა მთავრობამ მას თანხმობა არ მისცა, ამის მიუხედავად, ის მაინც გაემგზავრა როგორც გერმანიაში, ასევე საფრანგეთსა და ბრიუსელში, რითაც დაირღვა კონსტიტუცია“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს სამი ვიზიტი არ დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და თუ ეს ვიზიტები იყო კონსტიტუციური და ლეგიტიმური, მაშინ პრეზიდენტმა რატომ არ გასწია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯები?

„მას ეგულებოდა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში და ჰქონდა მათი მხარდაჭერის იმედი. შესაბამისად, მას ჰქონდა გარანტიები, თუმცა მას არ ეგულებოდა „ნაცმოძრაობა“ საქართველოს პროკურატურაში. ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევით, ის ჩაიდენდა სისხლის სამართლის დანაშაულს. მინდა, შეგახსენოთ ლიტვაში გაკეთებული განცხადება, რომ ის არ იყო ფორმალურად უფლებამოსილი, განეხორციელებინა სამუშაო ვიზიტი. საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებამდე, მან ორ ენაზე მიმართა ბელგიის მეფეს და აღნიშნა, რომ ბელგიაში ვერ წავიდა მთავრობის თანხმობის არარსებობის გამო. არის სამი მარტივი მტკიცებულება, რომ პრეზიდენტს ბოლო დღეებამდე გააზრებული ჰქონდა მისი სამუშაო ვიზიტების არაკონსტიტუციური ბუნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა იყო არა მსუბუქი, არამედ უმძიმესი დარღვევა, გამომდინარე იქიდან, რომ ის პირდაპირ დაუპირისპირდა კონსტიტუციურ წესრიგს.

„უფრო მეტიც, სალომე ზურაბიშვილმა სცადა ქვეყანაში დე ფაქტო კონსტიტუციური წესრიგის შეცვლა და სცადა პირდაპირ, უხეშად შეჭრილიყო საქართველოს მთავრობის ექსკლუზიურ კომპეტენციაში, განახორციელოს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა. ეს არის კონსტიტუციური წესრიგის უხეში დარღვევა, რომელსაც სერიოზული სიმძიმე აქვს. აქედან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად ეს არის თანამდებობიდან გადაყენების ღირსი დარღვევა. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, ამ მცდელობით საქართველოს პრეზიდენტი დაუპირისპირდა საქართველოს ევროინტეგრაციის ინტერესს. მინდა, შეგახსენოთ, რომ როგორც ზოგადად საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე, ასევე ევროინტეგრაციაზეც, საქართველოში ექსკლუზიურად არის პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობა და სწორედ მისი პრეროგატივაა პრეზიდენტს მიანდოს ან არ მიანდოს შესაბამისი ქმედებების განხორციელება. მთავრობა ვერ ენდობოდა პრეზიდენტს შესაბამისი ვიზიტების განხორციელებისას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციის დარღვევა არის მძიმე, უხეში, მრავალჯერადი. გარდა ამისა, პრეზიდენტმა დააანონსა, რომ განაგრძობდა სისტემატურად საქართველოს კონსტიტუციის უხეშად დარღვევას, ეს არის კონსტიტუციის ღალატი, ამ კონსტიტუციაზე დადებული ფიცის ღალატი, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, დარჩენილიყო რეაგირების გარეშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.