სამართალი
ევროპარლამენტარები: პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებით საქართველოს მთავრობამ და „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს მხარს არ უჭერენ

 საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებით კონსტიტუცია დაარღვია, - ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტარების მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

წერილს ევროპარლამენტარები ანა ფოტიგა, რასა იუკნევიჩიენე, ანდრიუს კუბილიუსი და მირიამ ლექსმანი აწერენ ხელს და საქართველოს პარლამენტის წევრებს მოუწოდებენ, უარი თქვან პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდაჭერაზე.

„ჩვენ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს, კონსტიტუციის თანახმად, აქვს უფლება წარადგინოს თავისი ქვეყანა საგარეო ურთიერთობებში. ყოველგვარი მკაფიო და რაციონალური დასაბუთების გარეშე, საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის დასაწყისში მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტს არ მისცეს ოფიციალური თანხმობა ევროპის 10 სხვადასხვა დედაქალაქსა და საერთაშორისო ინსტიტუტებში, მათ შორის ევროპარლამენტში განახორციელოს ვიზიტები“, - აღნიშნულია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

ამასთან, ევროპარლამენტარები წერილში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობამ და „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, რომ მიუხედავად განცხადებებისა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს მხარს არ უჭერენ.

„პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებით, საქართველოს მთავრობამ და „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, რომ მიუხედავად მათი განცხადებებისა, ისინი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს მხარს არ უჭერენ. მთავრობა და მმართველი პარტია თავიანთი ქვეყნის შანსების, წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს, საბოტაჟს ახდენენ და მათი უნდობლობა უნდა გამოცხადდეს. იმპიჩმენტის ინიციატივა „ქართული ოცნების“ კარგად მომზადებული შეტევაა საქართველოს პრეზიდენტზე, მისი ძლიერი პროევროპული პოზიციის გამო“, - წერენ ევროპარლამენტარები.

ისინი მოუწოდებენ პარლამენტარებს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ, რათა მთავრობის ქმედებების კონსტიტუციურობა შეისწავლოს.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარლამენტარს, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას გულწრფელად უჭერენ მხარს, რომ მხარი არ დაუჭირონ პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტს და მიმართონ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა შეისწავლოს მთავრობის ქმედებების კონსტიტუციურობა, რომლითაც პრეზიდენტის კონსტიტუციური პასუხისმგებლობა დაიბლოკა“, - ნათქვამია წერილში.