აქტუალური
რობინ დანიგანი: მრავალი წელია, ვმუშაობთ ქართველ ფერმერებთან, აგრობიზნესებთან და საქართველოს მთავრობასთან

 საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა მესაქონლეობის გამოფენა „მესაქონლეობის ექსპო 2023“ მისასალმებელი სიტყვით გახსნეს.

ჩვენთვის მესაქონლეობის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მნიშვნელოვანია, რომ უკვე მესამედ იმართება გამოფენაც, „მესაქონლეობის ექსპო”, რომლის ფარგლებში, ჩვენს ფერმერებს საშუალება აქვთ, წარმოადგინონ პროდუქცია, ასევე, გაეცნონ დარგის სიახლეებს. მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ის ახალი ელჩს გამოფენაზე მობრძანებისთვის. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი, რომელიც ჩვენს ფერმერებს, მეწარმეებს უწყობს ხელს, აწარმოონ ხარისხიანი პროდუქცია უვნებლობის სტანდარტების დაცვით. მინდა აღვნიშნო, რომ არაერთი პროექტია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, რამაც კონკრეტული შედეგი გამოიღო, თუმცა, ვფიქრობთ, რომ დარგს კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება. სწორედ ამიტომ, ძალიან მალე, ჩვენ გვექნება სიახლეები ჩვენი ფერმერებისთვის, რაც ითვალისწინებს წვდომას იმ ტექნოლოგიებზე, რომელიც აუცილებელია კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის“, -აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

აშშ-ს ელჩმა, რობინ დანიგანმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში მესაქონლეობის სექტორის განვითარებისთვის საქართველოს მთავრობასთან, ფერმერებთან და ინდუსტრიულ პარტნიორებთან გატარებული სამუშაოების შესახებ ისაუბრა.

მოხარული ვარ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ვმონაწილეობ ამ წლის მესაქონლეობის ექსპოზე, რომელიც მხარდაჭერილია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ. აშშ ახორციელებს ინვესტიციას საქართველოში რძისა და ხორცის სექტორებში, რათა ისინი იყოს მდგრადი, თანამედროვე და მეტად პროდუქტიული. ამისათვის ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან, ინდუსტრიულ პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან. ეს არის ჩემი პირველი ღონისძიება საქართველოში. ჩვენ მრავალი წელია, ვმუშაობთ ქართველ ფერმერებთან, აგრობიზნესებთან და ქართველ დაინტერესებულ პირებთან და, რაც მთავარია, საქართველოს მთავრობასთან, რათა დავეხმაროთ მათ ამ სექტორის გაძლიერებაში“, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა.

მესაქონლეობის გამოფენა ლისის ტბის მიმდებარედ ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოყვანილი მაღალპროდუქტიული და ადგილობრივი სელექციური მსხვილფეხა პირუტყვის გამოფენა-შეჯიბრი, ასევე სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ფერმერები, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გადამმუშავებლები, სასოფლო-სამეურნეო საშუალებების მომწოდებელი კომპანიები, ფინანსური ორგანიზაციები, პროფესიული და ინდუსტრიული ასოციაციები.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მიზანია, ქვეყანაში მესაქონლეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობა, კერძოდ მაღალპროდუქტიული, ადგილობრივი სელექციური მსხვილფეხა საქონლის ჯიშების პოპულარიზაცია.

მესაქონლეობის გამოფენის ორგანიზატორია საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაცია და შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასია”; ღონისძიების პარტნიორია ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში’’, რომელსაც Land O’Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით ახორციელებს“,- აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.