აქტუალური
ილია დარჩიაშვილი: ჩინეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ჩართულობა ხელს უწყობს საქართველოს, როგორც აზია-ევროპის დამაკავშირებელი ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტის უსაფრთხოებას

 საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის მოქმედ ფორმატში ჩართულია ევროკავშირის არაერთი ქვეყანა და შესაბამისად, საქართველოს დამკვირვებლის სტატუსით ამ ფორმატში მონაწილეობა მნიშვნელოვანია ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებისა და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბის ფუნქციის შემდგომი განმტკიცებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენდნენ.

ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან, მათ შორის ჩინეთიდან, საქართველოს გავლით ტვირთბრუნვის მოცულობების გაზრდის თვალსაზრისით, სწორედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან დაკავშირებადების გაზრდაა მთავარი ამოცანა. შესაბამისად, საქართველოს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას და სამუშაოების კოორდინაციას სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციის კუთხით, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ე.წ. „შუა დერეფნის“ ეფექტიანობის გაზრდისა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის.

ამასთან, ჩინეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ჩართულობა ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებაში ხელს უწყობს საქართველოს, როგორც აზია-ევროპის დამაკავშირებელი ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტის უსაფრთხოებასა და სანდო სატრანსპორტო მარშრუტის პოპულარიზაციას. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებოდით ჩინეთის და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარე პროცესებს, რომლებიც მიმართულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ერთობლივი საინვესტიციო და ბიზნესპროექტების განხორციელებისკენ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ევროპული ქვეყნების თანამშრომლობას ჩინეთთან“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.