აქტუალური
ხატია დეკანოიძე: პარტნიორებში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს, რომ კანდიდატის სტატუსის საკითხზე ოპოზიცია არაერთგვაროვან გზავნილებს აჟღერებს

 საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. შემიძლია დავადასტურო: პარტნიორებში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს, რომ კანდიდატის სტატუსის საკითხზე ოპოზიცია არაერთგვაროვან გზავნილებს აჟღერებს - დიდი შეცდომაა იმის მტკიცება, რომ სტატუსის მინიჭება „ქართულ ოცნებას“ გააძლიერებს! - ეს განცხადება პარლამენტში „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

დეკანოიძის თქმით, სტატუსის მინიჭებისთვის გადამწყვეტ მომენტში მნიშვნელოვანია ყველამ ერთად დაადასტუროს, რომ საქართველო და ქართველი ხალხი სტატუსის მიღებას იმსახურებს და ამ მხრივ პარტნიორებთან ერთიანი გზავნილი გაჟღერდეს.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი კრიტიკულ ფაზაში გადავიდა. ძალიან მალე - ნოემბერში შეფასება გამოქვეყნდება და დეკემბერში სტატუსის მინიჭების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

დღესდღეისობით, ამ ეტაპზე საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რადგან პარტნიორ ქვეყნებში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. რაზეც ჩვენი დასავლელი პარტნიორები საუბრობენ, პირველ რიგში, ეს არის „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პროპაგანდა, ევროკომისიის რეკომენდაციების ჩაგდება, რაც ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა.

თუკი საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო მოხდება - ეს არის გეოპოლიტიკური ფაქტორი, რადგან პარტნიორებისთვის წარმოუდგენელია, რომ რუსეთთან პირისპირ მარტო დავრჩეთ. მეორე - ეს არის საქართველოს მოქალაქეები და ქართველი ხალხი, რომელმაც მარტის თვეში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სტატუსის მიღებას იმსახურებს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ახალი იმპულსი იქნება.

შემიძლია დავადასტურო, რომ პარტნიორებში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს, როცა კანდიდატის სტატუსის საკითხზე ოპოზიცია არაერთგვაროვან გზავნილებს აჟღერებს. როდესაც პარტნიორებმა მოგვმართეს და მათთან ვსაუბრობდით, მე და ხათუნა სამნიძე ერთად ვიყავით...

ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რომელიმე პარტიის შიდა საკითხი არ არის. ეს ქვეყნის გაძლიერების საკითხია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან ერთიანი გზავნილი წავიდეს. თუ ვინმეს განსხვავებული მოსაზრებები აქვს, ეს ღიად და საჯაროდ უნდა ითქვას და ესეც არგუმენტირებული უნდა იყოს.

საქართველოს მოსახლეობის 90%-ევროინტეგრაცია სურს და თუ ვინმეს და რამეს სტატუსის მინიჭება გააძლიერებს, ეს არის ჩვენი ქვეყანა. ძალიან დიდი შეცდომაა იმის მტკიცება, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება „ქართულ ოცნებას“ გააძლიერებს. პირიქით, ეს გააძლიერებს საქართველოს, პროდასავლურ ძალებს და ამ ქვეყნის მოქალაქეებს“, - განაცხადა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ განაცხადა, ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი. როგორც სამნიძემ აღნიშნა, ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, შეწყვიტონ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების დამაზიანებელი გზავნილების გავრცელება.