აქტუალური
სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის თაობაზე შეთანხმებას ხელი მოეწერა

 საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და რუსულ კომპანია „ინფრასტრუქტურული განვითარებას“ შორის 27 ოქტომბერს სოხუმის აეროპორტის „კომპლექსური რეკონსტრუქციის“ თაობაზე შეთანხმებას მოეწერა ხელი. აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის, ასლან ბჟანიას თქმით, შეთანხმების ხელმოწერას წინ უძღოდა რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ინვესტორის შესარჩევად ორგანიზებული კონკურსი.

შეთანხმების განხორციელების ფარგლებში აღდგება აეროპორტის საექსპლოატაციო ვარგისიანობა. ინვესტორი 3 100 მეტრი სიგრძისა და 45 მეტრი სიგანის ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის რეკონსტრუქციას განახორციელებს, რაც რუსული და უცხოური წარმოების თანამედროვე საჰაერო ხომალდების მიღებას შესაძლებელს გახდის“, – იტყობინება ბჟანიას ადმინისტრაცია.

ამავე ინფორმაციით, „აეროდრომის განახლების გარდა, აშენდება ახალი სამგზავრო ტერმინალი, ასევე განახლდება აეროპორტის ისტორიული შენობა. ახალი ტერმინალის გარშემო დიდი საპარკე ზონა მოეწყობა. ისტორიული ტერმინალის შენობაში ოფიციალურ პირებსა და დელეგაციებს მოემსახურებიან“. როგორც იგეგმება, აეროპორტის გამტარიანობა საათში 1 300 მგზავრი იქნება.

ჩვენ ვიწყებთ მასშტაბური პროექტის განხორციელებას და პირველი ამოცანა იქნება აეროდრომის აღდგენა. მჭიდრო ვადებში მოხდება პერონის გაფართოება, ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის რეკონსტრუქცია და მისი აღჭურვა თანამედროვებ განათების სისტემით“, – განაცხადა „ინფრასტრუქტურული განვითარების“ გენერალურმა დირექტორმა, სერგეი გრიბკოვმა.

ოკუპირებული რეგიონის „პარლამენტმა“ 26 ივლისს, სოხუმის აეროპორტის მუშაობის განახლების მიზნით, მოსკოვსა და სოხუმს შორის საინვესტიციო პროექტის განხორციელების თაობაზე შეთანხმება დაამტკიცა. შეთანხმებას 30 მხარდამჭერი ყავდა, ორმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. მაშინ ინვესტორის ვინაობა არ გაამხილეს.