აქტუალური
პრეზიდენტი ზურაბიშვილი ფრანგულ მედიას ესაუბრა

 საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. 9-10 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა ფრანგულ მედია საშუალებებს France 24-სა და Radio France Info-ს. პრეზიდენტი ზურაბიშვილი მიესალმა ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. მან ხაზი გაუსვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას და რუსეთის, მის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციისა და საქართველოს ევროპულ მომავალზე მისი გავლენის შესახებ ისაუბრა.

9 ნოემბერს, France 24-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის შემდეგ საქართველოს პერსპექტივებზე ისაუბრა. მან ქვეყნის განვითარებაში ევროპის მხარდაჭერის გადამწყვეტ როლს გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ 2024 წელი გადამწყვეტი მომდევნო ნაბიჯი იქნება ევროპულ გზაზე.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება გადამწყვეტია იმისათვის, რომ საქართველო არ დარჩეს მარტო, იზოლირებული ამ უფრო და უფრო ტურბულენტურ მსოფლიოში, რომელშიც რუსეთმა აჩვენა და ისევ და ისევ ყოველდღიურად უკრაინაში აჩვენებს, თუ რაოდენ იმპერიალისტურია ის“.

ჟურნალისტის კითხვაზე შეუშლის თუ არა „ღიად პრორუსული მთავრობა“ მას და ქვეყანას ხელს რეფორმების ბოლომდე განხორციელებაში, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ეს დამოკიდებული იქნება მოსახლეობაზე. ჩვენ დემოკრატიულ სისტემაში ვართ, ხალხის ხმა, ხალხის როლი ძალიან მნიშვნელოვანია“.

ზურაბიშვილმა, რომლის იმპიჩმენტსაც მმართველი პარტია ოქტომბერში წარუმატებლად შეეცადა, განაცხადა, რომ „მთავრობები იცვლება და მოსახლეობა რჩება“. „2024 წელი არჩევნების წელია, შეიძლება ვიხილოთ ევოლუცია, მაქსიმალურად სტაბილური და მშვიდი, რომელიც მიგვიყვანს კოალიციურ მთავრობასთან“, – განაცხადა პრეზიდენტმა და იმედი გათქვა, რომ თუ გვექნება დემოკრატიული არჩევნები, ეს საშუალებას მისცემს წარმოიშვას ახალი კოალიცია, ამ შემთხვევაში, შევასრულებთ ყველა პირობას, რომ ჩვენ გავხსნათ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით“.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპა გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას, მათ შორის, სტატუსის შესახებ დეკემბერში მოსალოდნელ ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

უკრაინასთან მიმართებით „საქართველოს მთავრობის პრო-რუსულ პოზიციონირებასთან“ დაკავშირებით დასმულ კითვაზე, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სტრატეგიული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ ორი ოკუპირებული ტერიტორია გვაქვს, არის რაღაცები, რისი უფლებაც არ შეგვიძლია მივცეთ საკუთარ თავს“. ამასთან დაკავშირებით მე მთავრობისგან განსხვავებული შეხედულება არ მაქვს“, – განაცხადა მან. მაგრამ მე, ისევე როგორც მოსახლეობა, უფრო ღიად ვუცხადებ სოლიდარობას უკრაინას“.

ვინაიდან პრეზიდენტი პარიზის მშვიდობის ფორუმს ესწრება, მას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე. პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელს, დაგმო ტერორიზმი და დასძინა, რომ ჰუმანიტარული მდგომარეობა „ტრაგიკულია“.

10 ნოემბერს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ინტერვიუ Radio France Info-ს მისცა. იგი კიდევ ერთხელ მიესალმა ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას და საქართველოსთვის ევროპული მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. პრეზიდენტმა რუსეთზეც ისაუბრა.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სტატუსის მისაღებად განსაზღვრული ახალი პირობები, ისევე როგორც წინა რეკომენდაციები, არც ისე მკაცრია, მაგრამ ცხადია, რომ დღეს ევროკომისია, უდავოდ სტრატეგიული გარემოებებიდან გამომდინარე, უფრო ითვალისწინებს გეოპოლიტიკურ და სტრატეგიულ განზომილებას“.

ცხადია, რომ დღეს “სანახევრო“ პასუხი იქნებოდა კატასტროფული ჩემთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის და ძალიან კარგი ამბავი იქნებოდა (იმისთვის, ვინც მას არ იმსახურებს) რუსეთისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა და უკრაინისა და საქართველოს შესახებ ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება გაიხსენა, რამაც რუსეთს შესაძლოა, გაუჩინა შეგრძნება, რომ ჰქონდა მწვანე შუქი. ეს მწვანე შუქი არ მიეცა რუსეთს დღეს და ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია“.

ზურაბიშვილს საქართველოში პოლიტიკური გავლენების შესახებაც ჰკითხეს. არ ვიცი ეს გავლენების ბრძოლაა თუ არა, მაგრამ რუსეთმა უკრაინაში ომით უკვე ძალიან ბევრი დაკარგა და განაგრძობს დანაკარგს“, – განაცხადა პრეზიდენტმა. რუსეთი ცდილობს შეძლებისდაგვარად სარგებელი ნახოს, ცდილობს ანახოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომ ისევ აგრესიულია; აჩვენებს, რომ სურს სამხედრო ბაზების, პორტის, აეროპორტის შექმნა და ეს მომენტი კარგია იმისათვის, რომ ევროკავშირმა თქვას: “კმარა!“.

კითხვაზე შესაძლებელია თუ არა საქართველოში მიმდინარე მოვლენების უკრაინის მაიდანთან შედარება, პრეზიდენტმა განაცხადა: ჩვენ მაიდანი უკვე დიდი ხნის წინ გვქონდა, საქართველო პროდასავლურ და პროევროპულ არჩევანს დღეს არ აკეთებს“.

მან გაიმეორა, რომ მომავალი წლის არჩევნები გადამწყვეტი იქნება ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ ასე, უბრალოდ არ მოგვცეს სტატუსი, არ გადმოგვიგდო როგორც საღრღნელი ძვალი, არამედ ამ სტატუსს თან უნდა ახლდეს ევროპული თანადგომა, ჩართულობა, სწორედ არჩევნებზეც, რათა საშუალება მოგვცეს გადავლახოთ ეს ეტაპიც, რომელიც ახალი, დემოკრატიული ეტაპია, თუ როგორ უნდა გადავიდეთ ერთი პარტიის რეჟიმიდან ნამდვილ, კოალიციურ მულტიპარტიულობაზე“.

პარიზის მშვიდობის ფორუმის მოლოდინებზე საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, ვერ ვიპოვით ჯადოსნურ გამოსავალს იმ განსხვავებებზე, რომლებიც მთელს მსოფლიოს ახასიათებს, მაგრამ რაც უფრო და უფრო ცხადია და ხაზი უნდა გაესვას არის ის, რომ ავტორიტარული რეჟიმები იწვევენ ომებს, აგრესიას და ერთადერთი რეჟიმები, რომლებიც თავს ინარჩუნებენ, არიან დემოკრატიული რეჟიმები. ანუ მეტი დემოკრატია ნიშნავს ნაკლებ ომს, მეტი ავტორიტარიზმი ნიშნავს მეტ აგრესიას“.