პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მგონი, „ევროპის სახალხო პარტიაში“ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც არ მიუღიათ განახლებული ინფორმაცია

 საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. ჩვენთვის „ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციებს არავითარი ფასი არ აქვს, მგონი, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც არ მიუღიათ განახლებული ინფორმაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმყოფებოდა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით, ასევე, რეზოლუცია მოუწოდებს ხელისუფლებას სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად სწრაფი ზომების მიღებისა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ.

კობახიძის თქმით, „ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციას გამართლება არ აქვს.

„სერიოზული კომენტარი არ შემიძლია გავაკეთო, როცა, კიდევ ერთხელ, ყველამ გაიგო, რომ ეს კაცი ჯანმრთელია და „ევროპის სახალხო პარტიამ“ ახლაც კი ვერ გაიგო, რომ ჯანმრთელია. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული ჩანაწერი. გვესმის, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არიან ერთი პოლიტიკური ჯგუფი, გაერთიანება. „ნაცმოძრაობა“ არის „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი, შესაბამისად, ეს შეიძლება, რაღაცნაირად აიხსნას, მაგრამ გამართლება ასეთ რეზოლუციას არ აქვს“, – აღნიშნა კობახიძემ.