საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. მგონია, რომ ცოტათი არასასურველი ვითარებაა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რას ნიშნავდა აშშ-სთვის საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორების დამყარების შესახებ შეთანხმების გაფორმება.
დიპლომატის განმარტებით, ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს.
"გულწრფელი უნდა ვიყო: როცა ვამბობ, რომ პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამასვე ვგულისხმობთ - ნამდვილად პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს... სტრატეგიულ პარტნიორობას რაც შეეხება, მხოლოდ შევნიშნავ, რომ იმ შეთანხმებაში საქართველო ცალსახად აღიარებს ჩინეთის სუვერენიტეტს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მსგავს მიდგომას ჩინეთისგან საქართველოს მიმართ. ამასთან, ეს არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს. რუსეთს კი ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. მგონია, რომ ცოტათი არასასურველი ვითარებაა", - განაცხადა რობინ დანიგანმა.