რელიგია
ილია მეორე: „უმადლო ადამიანი უფალს არ უყვარს“

qadageba6ადამიანის მიერ ღვთის მიმართ მადლიერების გამოხატვის აუცილებლობაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდგომი ქადაგებისას ბრძანა.

უწმიდესმა ბრძანა, რომ ადამიანი ყოველთვის უნდა მადლობდეს უფალს მისგან მიღებული სიკეთისთვის. „უმადლო ადამიანი უფალს არ უყვარს“, – დასძინა პატრიარქმა და ამის მაგალითად უფლის მოციქული იუდა ისკარიოტელი დაასახელა, რომელმაც გასცა ქრისტე. „როცა უფალმა მოციქულები აზიარა, იუდა ისე წავიდა, რომ მისთვის მადლობა არ უთქვამს. წმიდა მამები ამბობენ, რომ იუდას რომ უფლისთვის ეთქვა, რის გაკეთებასაც აპირებდა, მასში ბოროტი აღარ შევიდოდა“, – აღნიშნა უწმიდესმა.

პატრიარქმა ჩვილთა საყოველთაო ნათლობაზეც ისაუბრა. უწმიდესის თქმით, სამებაში დღეს მისი ნათლული კიდევ 500 ჩვილი გახდება და მას სულ 9 ათასზე მეტი ნათლული ეყოლება. ნათლობა დღეს ყოვლადწმიდა სამების ტაძარში 17.00 საათზე დაიწყება. მოგვიანებით ტაძარში უწმიდესი მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.

აღსანიშნავია, რომ სვეტიცხოველში დღეს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პრეზიდენტი სააკაშვილიც იმყოფებოდა. პრეზიდენტს პატრიარქი ამბიონის კიბესთან შეხვდა. მათ შორის საუბარი, დაახლოებით, წუთ-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. შემდეგ უწმიდესმა პრეზიდენტი ტაძრის კარიბჭემდე მიაცილა. ქვეყნის პირველმა პირმა ტაძარი ქადაგების დაწყებამდე დატოვა.

 

საქინფორმი