პუბლიკაციები
შვეიცარია კვლავ ასრულებს თავის ვალდებულებას რუსეთისა და საქართველოს წინაშე

 საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. მიუხედავად სანქციებისა, შვეიცარია 2009 წლის მანდატის თანახმად განაგრძობს თავისი მოვალეობების შესრულებას რუსეთთან და საქართველოსთან მიმართებით, წარმოადგენს რუსეთის ინტერესებს საქართველოში და პირიქით, ნათქვამია შვეიცარიის პარლამენტის ვებ-გვერდზე სენატის მართვის კომისიის მოხსენებაში.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არის. საქართველომ ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. შვეიცარია რუსეთის ინტერესებს საქართველოში და საქართველოს ინტერესებს რუსეთში 2009 წლიდან წარმოადგენს.

„რაც შეეხება შესაძლო დიპლომატიურ შედეგებს (სანქციებს - რედ.) მანდატისთვის, რომელსაც შვეიცარია რუსეთსა და საქართველოს შორის ახორციელებს, DEFR-მა (ეკონომიკის სამინისტრო - რედ.) ინფორმაცია მიაწოდა კომისიას, რომ მანდატი შენარჩუნებულია ჩვეული პროცედურის შესაბამისად, და ამ მანდატის მიღებით შვეიცარიამ თავის თავზე აიღო ვალდებულება ორივე სახელმწიფოს მიმართ, რომელსაც ის კეთილსინდისიერად ასრულებს", - ნათქვამია დოკუმენტში.

რუსეთსა და საქართველოს შორის ადმინისტრაციული, ტექნიკური და საკონსულო საკითხები 2009 წლიდან ორივე ქვეყნის უშუალო მონაწილეობით წყდება. უცხოური ინტერესების სექციები, რომლებშიც ორივე ქვეყნიდან თითოეულს თავისი პერსონალი ჰყავს წარმოდგენილი, შვეიცარიის დაცვის ქვეშ იმყოფება.

დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის წარმოებს საერთაშორისო ჟენევის მოლაპარაკებებისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ გრიგორი კარასინს შორის შეხვედრების ფარგლებში.