საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, მათი დამოუკიდებლობის აღიარება, და ის ფაქტი, რომ დასავლეთში ამაზე არავის სერიოზულად არ მოუხდენია რეაგირება, ალბათ, ესაა ის, რამაც რუსეთს გზა გაუხსნა იმის მცდელობისათვის, რასაც უკრაინაში აკეთებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24 English-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო უნდა იყოს პარტნიორებთან, ამიტომ უნდა შეუერთდეს სანქციებს რამდენადაც შეუძლია.
ამასთან, ინტერვიუში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის, მისი გეოპოლიტიკური წნეხიდან და ოკუპირებული ტერიტორიიდან გამომდინარე, რუსეთის წინააღმდეგ ეროვნული სანქციების დაწესება არავის მოუთხოვია.
კითხვაზე - როგორ ფიქრობთ, საქართველო შემდეგია? აქვს რუსეთს საქართველოზე იგივე გეგმა, რაც უკრაინაზე ჰქონდა? ზურაბიშვილმა უპასუხა: „საქართველო იყო პირველი და უკრაინა შემდეგი, თუ მომხდარის ქრონოლოგიას ავიღებთ“.
„ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, მათი დამოუკიდებლობის აღიარება, და ის ფაქტი, რომ დასავლეთში ამაზე არავის სერიოზულად არ მოუხდენია რეაგირება, ალბათ, ესაა ის, რამაც რუსეთს გზა გაუხსნა იმის მცდელობისათვის, რასაც უკრაინაში აკეთებს. მაგრამ უკრაინაში ძალიან ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა. ის ბევრად უფრო დიდი ქვეყანაა, ბევრად უფრო ძლიერი ქვეყანა და, ალბათ, პუტინის ყველა იმედები დაამარცხა იმ გამძლეობით, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა და უკრაინის მოსახლეობამ გამოიჩინეს ამ უზარმაზარი თავდასხმის, ტრაგედიისა და აგრესიის წინაშე. მაგრამ რუსეთი კარგავს, უკვე დაკარგა თავისი პრესტიჟი, რუსული არმიის პრესტიჟი.
ექნება თუ არა საქართველოში რაიმეს გაკეთების ცდუნება, ეს ისაა, რაზეც ყოველთვის ვფიქრობთ და ამიტომ გვჭირდება ევროპული მხარდაჭერა. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენს პარტნიორებთან, ამიტომ უნდა შევუერთდეთ იმ სანქციებს, რომლებიც შეგვიძლია. და მინდა დავამატო ის, რომ საქართველოსთვის, მისი გეოპოლიტიკური წნეხიდან და ოკუპირებული ტერიტორიიდან გამომდინარე, რუსეთის წინააღმდეგ ეროვნული სანქციების დაწესება არავის მოუთხოვია. ჩვენ ვართ საერთაშორისო ფინანსური სანქციების ნაწილი და ძალიან მნიშვნელოვანია ამის თქმა. არ ვიცი, რატომ ვიმალებით რაღაცის უკან. ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს; ჩვენი ბანკები ემორჩილებიან და ასეც გააგრძელებენ. ჩვენ დასავლეთის მხარეს ვართ, ეს ეჭვგარეშეა და ასეც გავაგრძელებთ”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში.