საზოგადოება
ქართული თხილისა და კაკლის ექსპორტი შემცირდა

 საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოდან თხილისა და კაკლის ექსპორტმა 2023 წლის იანვარ–ოქტომბერში 66,3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%–ით ნაკლებია, იუწყება მედიაპლატფორმა BMG საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

თხილი საქართველოსთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო კულტურაა – 70%–ზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებში გადის.

სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ–ოქტომბერში თხილისა და კაკლის გასაღების ძირითადი ბაზარი ევროკავშირის ქვეყნები იყო. გარდა ამისა, ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში არიან სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა, საუდის არაბეთი, ბელარუსი, არგენტინა, მაროკო და სხვ.

2017 წელს აზიური ფაროსანას გავრცელების გამო შემცირდა თხილის წარმოების მოცულობა, მისი ხარისხი და ექსპორტი. მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურმა ღონისძიებებმა, რომელიც დღემდე გრძელდება, შედეგი გამოიღო. 2021 წელს თხილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 115 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.

როგორც ადრე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა, 2022 წელს ფერმერებმა სათანადო შემოსავალი ვერ მიიღეს. მიზეზი კლიმატური პირობებია, რის გამოც სათანადოდ ვერ განახორციელეს თხილის მოვლის ღონისძიებები და, შედეგად, მოსავლიანობამ და პროდუქტის ხარისხმა იკლო.

თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2022 წლის ნოემბერში დაიწყო. შამუგიას თქმით, მიზნობრივი პროგრამა ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ფერმერი, რომელიც ფლობს 0,2-დან 3 ჰექტრამდე ფართობის თხილის პლანტაციას, 1 ჰექტარზე მიიღებს სუბსიდიას 500 ლარის ოდენობით.

ფინანსური დახმარების მისაღებად მეთხილე ფერმერებს თხილის ბაღები 2022 წლის 7 ნოემბრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე პერიოდში უნდა დაერეგისტრირებინათ, მოგვიანებით ვადა 17 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდა.

პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეადგენს თხილის კადასტრს, სადაც მოცემული იქნება ინფორმაცია, თუ რა ფართობის თხილის პლანტაციებს ფლობენ კერძო და იურიდიული პირები, ასევე ინფორმაცია თხილის ჯიშების შესახებ, რაც შემდგომში უწყებას შესაძლებლობას მისცემს, ჩაატაროს ანალიზი და დარგის მხარდაჭერისთვის გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.

რაც შეეხება აზიურ ფაროსანას, მის წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს მთავრობის პროექტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა.

საქართველოს ბრძოლის მეთოდი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურად აღიარეს მსოფლიოში და ახლა ქვეყანა თავის გამოცდილებას სხვა ქვეყნებს უზიარებს.