საზოგადოება
პაპუაშვილი: აზერბაიჯანს და საქართველოს ძმობა აერთიანებს

 საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არის ძმობა, რომელიც ორ ქვეყანას ერთმანეთთან აკავშირებს და რთულ პერიოდში ერთმანეთის მხარდაჭერას უზრუნველყოფს, განაცხადა აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარის, საჰიბა გაფაროვას მიწვევით ბაქოში 10 დეკემბერს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის სპიკერმა უკვე გამართა შეხვედრები პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან.

ყველა ამ შეხვედრაზე, თავისთავად, ხაზგასმით აღინიშნა ის სულისკვეთება, რომელიც ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში არსებობს. ეს არის არა მხოლოდ მეგობრობა, არა მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ არის ძმობა, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს. ეს არის რთულ პერიოდში ერთმანეთის მხარდაჭერა და ერთმანეთის სიხარულის გაზიარება", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრები იყო ხანგრძლივი, დეტალური და შინაარსობრივი.

დარწმუნებული ვარ, რომ ის საკითხები, რომელზეც პარლამენტთან თანამშრომლობის მხრივ ასევე შევთანხმდით, უმოკლეს ვადებში განხორციელდება. გვსურს თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმება პარლამენტებს შორის, რათა ჩვენს ურთიერთობას მივცეთ უფრო სტრუქტურული დატვირთვა", - აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა.

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ ეროვნული გმირის, ჰეიდარ ალიევის საფლავი გვირგვინით შეამკო.

დღეს ჩვენმა დელეგაციამ პატივი მივაგო ჰეიდარ ალიევის ხსოვნას, რომლის გარდაცვალებიდან 20 წლისთავია დღეს. იგი მართლაც ისტორიული პიროვნება იყო თანამედროვე, დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ისტორიაში. მან შექმნა ხასიათი დამოუკიდებელი აზერბაიჯანისა და საფუძველი ჩაუყარა იმ წარმატებას, რომელსაც აზერბაიჯანმა მიაღწია მისი როლის გაძლიერებით არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში", - განაცხადა პაპუაშვილმა.