საზოგადოება
ბექა გრიგორიადისმა სასამართლოში დანით მძიმე თვითდაზიანება მიიყენა

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. ადვოკატი ლაშა შუკაკიძე ამბობს, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ბექა გრიგორიადისმა თბილისის საქალაქო სასამართლოში თვითდაზიანებები მიიყენა მაშინ, როცა მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა და მას პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატის ინფორმაციით, ბექა გრიგორიადისმა დანით დაიზიანა თავი.

"ვინაიდან სისტემატურად ხდება მისი პოლიტიკური დევნა, ამ ადამიანს კვირაში სამჯერ ასამართლებენ, პროტესტის ნიშნად, ვინაიდან სხვა გზა აღარ დარჩა, მიიყენა თვითდაზიანებები და გამოიფატრა მუცელი სასამართლო დარბაზში გადაწყვეტილების გამოცხადების დროს", - ამბობს ლაშა შუკაკიძე.

სასამართლოში შესვლამდე ყველა მოქალაქე გადის მეტალოდეტექტორზე შემოწმებას, რაც გამორიცხავს შენობაში ბასრი საგნის შეტანას. თუმცა პირველ სართულზე ფანჯრები იღება.

ლაშა შუკაკიძის თქმით, ბექა გრიგორიადისის წინააღმდეგ სასამართლო განიხილავდა 26 ნოემბერს ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ინციდენტს - მას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

ბექა გრიგორიადისი 7-8 მარტის აქციებზე პოლიციელების მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა კაცის, ლაზარე გრიგორიადისის მამაა. ლაზარე გრიგორიადისი სხვა ათასობით ადამიანთან ერთად აპროტესტებდა პარლამენტში ე.წ. რუსული კანონის (პირველი მოსმენით) დამტკიცებას. ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ევროკავშირისგან და აშშ-სგან ფინანსდებიან, ე.წ. აგენტების ბაზაში უნდა დარეგისტრირებულიყო.

ხალხმრავალი აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ", გადაწყვეტილება შეცვალა და კანონპროექტი ჩააგდო. კანონპროექტის მიღების პროცესს აკრიტიკებდნენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ საქართველოს პარტნიორი ქვეყნები და მხარდამჭერები.