საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილმა ხავიერ კოლომინასთან შეხვედრა გამართა

 საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ნატო – საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოში დაგეგმილ 2024 წლის არჩევნებს.

ხავიერ კოლომინამ საქართველოს პრეზიდენტს პირადად მიულოცა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტების აქტიურად ჩართულობის მნიშვნელობას, ასევე, ინსტიტუციური და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მნიშვნელობას.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თვალსაზრისით, ქვეყნისათვის მომავალი წელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რათა არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.

საქართველოს პრეზიდენტმა სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა მცოცავი ოკუპაციისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებსა და ადამიანის უფლებების დარღვევებს უკავშირდება და რომელზეც საერთაშორისო საზოგადოებამ მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ნატო – საქართველოს ურთიერთობების გაძლიერებისა და განვითარების საკითხებზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მომავალ წელს ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს საიუბილეო სამიტზე საქართველო უმაღლეს დონეზე იყოს წარმოდგენილი.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.