საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: მომავალი წლის დეკემბერში იგეგმება საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხის განხილვა ევროკომისიის და ევროპული საბჭოს დონეზე

 საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის წევრობაზე საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხის განხილვა დეკემბერში იგეგმება.

კობახიძის თქმით, რეკომენდაციების შესრულებაზე დაწყებულია მუშაობა და იმედი აქვს, რომ ერთ წელიწადში მოლაპარაკებები გაიხსნება.

„უკრაინას და მოლდოვას შარშან ივნისში მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და წელიწად-ნახევარში გახსნეს მოლაპარაკებები. ჩვენს შემთხვევაში ვფიქრობთ, უფრო მალე გაიხსნება მოლაპარაკებები. რა ინფორმაციაც გვაქვს უშუალოდ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, დეკემბერში იგეგმება ამ საკითხის განხილვა ევროკომისიის და ევროპული საბჭოს დონეზე. ანუ, სტატუსის მინიჭებიდან ერთ წელიწადში, საუბარია მომავალი წლის დეკემბერზე. ერთ წელიწადში უკვე უნდა გადაწყდეს. დაწყებულია მუშაობა და იმედი გვაქვს, ერთ წელიწადში მოლაპარაკებები გაიხსნება“, – განაცხადა კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.