აქტუალური
Tagesschau: შრომის ბაზარზე გამარტივებული წვდომის შესახებ გერმანიის შეთავაზება საქართველოს არ აინტერესებს

 საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. გერმანული გამოცემა Tagesschau აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარყო გერმანიის შემოთავაზება დასავლეთ ბალკანეთის რეგულაციის გაფართოებისა და ამ რეგულაციაში საქართველოს ჩართვის შესახებ, რაც „ქართველებს გერმანიის შრომის ბაზარზე წვდომას გაუმარტივებდა“. სტატიაში ნათქვამია, რომ ეს იყო სწორედ მიგრაციის საკითხებში ფედერალური მთავრობის სპეციალური წარმომადგენლის, იოახიმ სტამპის პირველი შემოთავაზება საქართველოს მთავრობისადმი. გერმანიის გადმოსახედიდან, ეს გონივრული ნაბიჯი იყო, თუმცა საქართველოსთვის ეს იდეა სრულიად უინტერესო გამოდგა“, – ნათქვამია სტატიაში.

დასავლეთ ბალკანეთის რეგულაცია გერმანიის საიმიგრაციო რეგულაციაა, რომელიც 2015 წელს ამოქმედდა და რომელიც ალბანეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, კოსოვოს, მაკედონიის, მონტენეგროს და სერბეთის მოსახლეობას დროებითი სამუშაო ვიზის მიღების შესაძლებლობას აძლევს იმ პირობით, თუ მათ ექნებათ სამუშაო შემოთავაზება გერმანელი დამსაქმებლისგან.

სტატიის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი ნენსი ფეზერი საქართველოს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში, იგი თავის ქართველ კოლეგას, ვახტანგ გომელაურს შეხვდა და ორი ქვეყნის მთავრობებს შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე ქართველი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, რაც გულისხმობს თანამშრომლობის განმტკიცებას საქართველოს იმ მოქალაქეთა რეადმისიის და რეინტეგრაციის უზრუნველყოფის მიმართულებით, რომლებიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დაარღვევენ“.

Tagesschau წერს, რომ საქართველოდან ყოველწლიურად 8000-მდე განაცხადი შემოდის თავშესაფრის თაობაზე, მაგრამ მათგან 99% უარყოფილია, თუმცა განმცხადებლები რამდენიმე თვის განმავლობაში ფინანსურ დახმარებას იღებენ, სანამ მათი განაცხადები განიხილება. თუკი მომავალში ასეთი განაცხადები აღმოიფხვრება, ეს მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალურ ოფისს (BAMF) ტვირთს შეუმსუბუქებს“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, Tagesschau აცხადებს, რომ გერმანიას საქართველოსთან მიმართებით ორი მიზანი აქვს. პირველი, ნაკლებმა ქართველმა უნდა მიმართოს გერმანიას თავშესაფრის მოთხოვნით, რადგან, როგორც წესი, ისინი მას ვერ იღებენ, ხოლო პროცედურები ტვირთად აწვება გერმანულ ბიუროკრატიას“ და მეორე, ქართველებმა ემიგრაცია შრომის რეგულარულ ბაზარზე უნდა განახორციელონ, რადგან გერმანიაში კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობაა“.

Tagesschau იოახიმ სტამპს ციტირებს, რომლის თქმითაც ხელმოწერილი შეთანხმება „პირველ რიგში ეხება იმ ქართველებს, რომლებმაც უკვე დატოვეს სამშობლო და ახლა ევროკავშირში მოგზაურობენ“.

ქართულ მედიაში საკითხის გაშუქების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც სხვადასხვა მედიასაშუალებაში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ქართულმა მხარემ უარი განაცხადა ე.წ. „ბალკანურ მოდელზე“. აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს“.

საქართველოსა და გერმანულ მხარეს შორის დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკების პროცესი, მათ შორის შედგა შესაბამისი შეხვედრები და ვიზიტები, რის საფუძველზეც შემუშავდა ზემოაღნიშნული შეთანხმების პროექტი, სადაც ე.წ. „ბალკანური მოდელი“ არ წარმოადგენდა განხილვის საგანს“, – განაცხადა შსს-მ.