საზოგადოება
ცხოველები ინფარქტით გვეღუპებიან - თბილისის ზოოპარკის დირექტორის მოწოდება

 საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. მოულოდნელი ხმაური, რომელსაც თან ახლავს განათება, საფრთხისშემცველია ცხოველებისთვის, მათ შეიძლება განუვითარდეთ ინფარქტი ან ინსულტი, - განაცხადა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ და მოქალაქეებს მოუწოდა, საახალწლო დღესასწაულებზე პიროტექნიკა არ გამოიყენონ.

საუბარია როგორც ზოოპარკის ცხოველებზე, ასევე ადამიანების გარშემო მყოფ ცხოველებსა და ფრინველებზე, აღნიშნა მან.

„ასეთი მოულოდნელი, უცაბედი ხმაური, რომელსაც თან განათება მოჰყვება, ცხოველებისთვის აბსოლუტურად გაუგებარი, აუხსნელი, საფრთხისშემცველია“, - განაცხადა გურიელიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრეს-კლუბში.

ფოიერვერკის დროს ზოგიერთი ცხოველი განაბული და დამალულია, ზოგი კი ვოლიერში, გარკვეული მიმართულების გარეშე სირბილს იწყებს ხოლმე, რაც განსაკუთრებით სახიფათოა ჩლიქოსნებისთვის, რადგან ისინი საკამოდ დიდი ზომის ცხოველები არიან, გზაზე შეიძლება ყველაფერი გადაჯეგონ. ხშირად ზოგიერთი ცხოველი ამ დროს მიღებული დაზიანებისგან იღუპება.

მეორე საფრთხეა სტრესი. ცხოველებს შეიძლება, ისეთი მძიმე დაავადებები განუვითარდეთ, როგორიცაა ინფარქტი, ინსულტი და ა.შ. ეს შეიძლება, არა მყისიერად, არამედ რამდენიმე დღის შემდეგ გამოვლინდეს. ამ დროს ნებისმიერი ჩარევა უკვე დაგვიანებული და არაეფექტურია.

„ხმაური, რომელსაც თან განათება სდევს, სროლასთანაა დაკავშირებული. ცხოველებს ასოციაცია სროლასთან აქვთ, რის მიმართაც განსაკუთრებული შიში აქვთ. ჩვენ ვემზადებით იმით, რომ მათ გარკვეულ ანტისტრესულ მედიკამენტებს ვაძლევთ, რაც მდგომარეობას ოდნავ ამსუბუქებს. მაგრამ არ არსებობს ისეთი მედიკამენტი, რომელიც ცხოველებს შიშის გრძნობას მთლიანად გაუქრობს“, - განაცხადა გურიელიძემ.

ბოლო 5 წლის განმავლობაში ცხოველების დაღუპვის ორი შემთხვევა მოხდა, ორივე შემთხვევაში ახალგაზრდა გნუ დაიღუპა: ერთი ინფარქტით დაიღუპა, მეორე კი სხვა შეშინებულმა ცხოველებმა გადათელეს.

თბილისის ზოოპარკი მეზობლებს სთხოვს, პიროტექნიკა არ გამოიყენონ, განსაკუთრებით იმ მიმართულებით, სადაც ზოოპარკი მდებარეობს.

„თუ პიროტექნიკის გამოყენება ახლოს არ იქნება, ეს ჩვენი ცხოველებისთვის გაცილებით ნაკლები პრობლემაა, თუმცა, პრობლემა მაინც რჩება ცხოველებისთვის, რომლებიც ჩვენს გარშემო ცხოვრობენ: მიუსაფარი ცხოველები, გარეული ცხოველები, პატარა ფრინველები”, – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

გურიელიძის თქმით, პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით რეგულაციები საჭიროა. როგორც მან აღნიშნა, ზოოპარკის და მისი მსგავსი ადგილების გარშემო გარკვეული რადიუსით პიროტექნიკის გამოყენება უნდა აიკრძალოს.

საქართველოში პიროტექნიკის გამოყენება ზამთარში, განსაკუთრებით საახალწლო არდადეგების დროს, დიდ პრობლემად იქცევა. ამ დღეებში თბილისის კლინიკებში პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო დამწვრობებითა და კიდურების დაზიანებით ათობით დაზარალებული ხვდება. ასევე ამ პერიოდში სურსათის სააგენტო ავლენს უხარისხო ფოიერვერკის რეალიზაციის უამრავ შემთხვევას, რაც ასევე ბევრ პრობლემას ქმნის.

საპარლამენტო კომიტეტები საქართველოში პიროტექნიკის გამოყენების წესებზე მუშაობენ და შესაძლო შეზღუდვებს განიხილავენ.

დღეს ქვეყანაში პიროტექნიკის გამოყენება შეზღუდული არ არის, აკრძალვა მხოლოდ არასრულწლოვანებისთვის გაყიდვაზე მოქმედებს.

წყარო: მედიაჰოლდინგი „კვირა“