პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩვენი მოქალაქეები, უცხოელი სტუმრები ქრისტიანული საგანძურის დარბაზში იხილავენ ისეთ შედევრებს, როგორიც არის ხახულის კარედი, ანჩისხატი, აწყურის ღვთისმშობლის ხატი

 საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. მინდა, ყველას მოგესალმოთ და მოგილოცოთ მართლაც ყველასთვის მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში, დღეს ჩვენ გავხსენით საქართველოს ოქროს ფონდის ქრისტიანობის საგანძურის დარბაზი, დღეიდან ჩვენი თანამოქალაქეები და უცხოელი სტუმრები კვლავ იხილავენ ისეთ შედევრებს, როგორიც არის ხახულის კარედი, ანჩისხატი, აწყურის ღვთისმშობლის ხატი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ქრისტიანული საგანძურის დარბაზის გახსნაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, შუა საუკუნეების ქართველი ოსტატების მიერ მოწინავე ტექნოლოგიებით, ცოდნით და უზადო გემოვნებით შექმნილი ქრისტიანული საგანძური ასწლეულების განმავლობაში იქმნებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

„ეს შედევრები ადასტურებენ საქართველოში ქრისტიანული ხელოვნების, ტრადიციების უწყვეტობას და კავშირს ანტიკურ ტრადიციებთან. სწორედ ჩვენი ქვეყნის მჭიდრო კონტაქტებმა ანტიკურ სამყაროსთან, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ადგილი ქრისტიანულ სამყაროში და ევროპული განვითარების გზა. შუა საუკუნეების საქართველოს, მნიშვნელოვანი სტრატეგიული ქვეყნის ისტორია აისახა მის ხელოვნებაში, რომელიც საკაცობრიო ტენდენციებთან ერთად, თვითმყოფად ეროვნულ ტრადიციებს ინარჩუნებს. საგანძურში წარმოდგენილ თითოეულ ხელოვნების ნიმუშს საკუთარი ისტორია აქვს, საუკუნეების განმავლობაში ისინი ეკლესია-მონასტრებში ინახებოდა. მოგვიანებით კი, განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში, მუზეუმებში იქნა გადატანილი. ქართველმა მეცნიერებმა კომუნისტური რეჟიმის პირობებშიც შეძლეს თავიანთი უანგარო შრომისა და ხშირად თავგანწირვის შედეგად ამ უნიკალური განძის, ეროვნული სიამაყის გადარჩენა და მომავალი თაობისთვის შენარჩუნება. საგანძურის კვლევა და დაცვა დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ისეთ გამოჩენილ მეცნიერებთან, როგორებიც იყვნენ წმინდა ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ჩუბინაშვილი, შალვა ამირანაშვილი და სხვანი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი.

„განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი. მოგეხსენებათ კარგად, რომ მან 25 წლის განმავლობაში, ემიგრაციის ურთულეს პირობებში, უპატრონა ჩვენი ქვეყნის ამ საგანძურს. ამ უდიდესი ღვაწლის გამო, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნის დედა ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. გავიმეორებ, რომ დღევანდელი ღონისძიება, როგორც უკვე მოგვახსენა მუზეუმის დირექტორმა, ეძღვნება ჩვენი ძვირფასი პატრიარქის აღსაყდრებიდან 46-ე და დაბადებიდან 90-ე წლის იუბილეს. საყოველთაოდ ცნობილია მისი უწმინდესობის განსაკუთრებული დამოკიდებულება წარსულისა და ცოდნისადმი. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა ოქროს ფონდის საცავების განახლებაში, მუზეუმის დირექტორს, ბატონ დავით ორთქმანიძეს, ბატონ ნიკას, მეუფე ვახტანგს, მამა კირიონს, ჩვენს ეკლესიას, საპატრიარქოს, ქალბატონ თეას და ყველას. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, ყველას, ვინც ამ მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებაში შეიტანა წვლილი. კიდევ ერთხელ ვულოცავ საზოგადოებას ამ მნიშვნელოვან მოვლენას, ქრისტიანული ხელოვნების დარბაზის გახსნას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.