საზოგადოება
პრემიერის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის უქმე დღეები პირველიდან 5 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება

 საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის უქმედ 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

ამასთან, დადგენილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.

„დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე“, – განმარტავენ მთავრობის პრესსამსახურში.