საზოგადოება
ოლივერ ვარჰეი: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება არის ქართველი ხალხისა და მთავრობის მიერ გაწეული შრომის შედეგი

 საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით, არ არის საჩუქარი, არამედ ესაა თქვენი, თქვენი ხალხისა და თქვენი მთავრობის მიერ არაერთი თვის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგი, – ამის შესახებ ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ „ელჩების კონფერენცია 2023-ზე“ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

როგორც ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, ეს დიდი შრომა ევროკავშირისკენ წინსვლისთვის უნდა გაგრძელდეს.

„ჩვენი მხრიდან, გავაგრძელებთ ამ საოცარ გზაზე თქვენს დახმარებასა და ხელშეწყობას. უკვე ამ დროისთვის ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი დონორია. ჩვენ ჩვენი ყოველწლიური პროგრამებით გამოვყოფთ 100 მილიონ ევრომდე, რათა საქართველო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს. მომდევნო კვირებსა და თვეებში, ფოკუსი გაიზრდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ქვეყნის შესაბამისობაზე. უფრო მეტიც, ჩვენს გვსურს, დავაჩქაროთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმისა და მისი საფლაგმანო პროექტების ამოქმედება. გეგმის ფარგლებში, ჩვენ უკვე მოვახდინეთ 1,8 მილიარდი ევროს მობილიზება სესხების, გარანტიების, გრანტებისა და საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით. აღნიშნული გეგმა მოიცავს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებს, ასევე 20 მილიონი ევროს საინვესტიციო გრანტს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელისთვის. ორივე მათგანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის კავშირების გასაძლიერებლად. მე ასევე მოახრული ვარ, რომ აღნიშნული გეგმის ფარგლებში ჩვენ დავეხმარეთ 65 000-ზე მეტ ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს, რათა სრულად მიეღოთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის სარგებელი“, – განაცხადა ვარჰეიმ.

მისივე თქმით, რეფორმების მტკიცე კურსის გაგრძელებით, საქართველო კიდევ უფრო მეტად ისარგებლებს იმ ეკონომიკური შესაძლებლობებით, რომლებიც პარტნიორობამ შეიძლება, იქონიოს.

„თუმცა, ევროკავშირი ბევრად მეტია, ვიდრე წარმატებული ეკონომიკური პარტნიორობა. ის ასევე წარმოადგენს მშვიდობის პროექტს, რომელიც ისე, როგორც არავინ იცავს დემოკრატიასა და თავისუფლებას. გვწამს, რომ თქვენ საკუთარ წვლილს შეიტანთ ამ პროექტში და იქნებით მისი ნაწილი. 2024 წელი იქნება მორიგი გადამწყვეტი წელი. თქვენი ქვეყანა ჩაატარებს არჩევნებს და გეოპოლიტიკური გამოწვევებიც, სავარაუდოდ, არ იკლებს. ამავდროულად, საჭირო მონდომებითა და კომისიის გაფართოების ანგარიშში განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესრულებით, ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის გზაზე საქართველოსთან მუშაობას. საქართველო ეკუთვნის ევროპულ ოჯახს. ამრიგად, ნება მომეცით, გისურვოთ წარმატებული და ნაყოფიერი 2024 წელი, რომელიც უფრო მეტად დაგვაახლოებს. გისურვებთ ბედნიერ შობას“, – განაცხადა ვარჰეიმ.