საზოგადოება
პრემიერი: პოლიტიკაში მოსვლამდეც და პოლიტიკაში მოსვლის შემდეგაც, ბატონი ბიძინას მთავარი მიზანი, მთავარი მისია და ოცნება არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება

 საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. რა თქმა უნდა, ადვილი საპროგნოზოა ის, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში, შეიძლება ითქვას, გარანტირებულად, ძალიან მაღალი შედეგი ექნება. ჩვენი პრეტენზია და მიზანი არის, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფასდაუდებელი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი ბოლო 3 წლის განმავლობაში.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას და რაც მთავარია, მინდა აღვნიშნო, ის, რაც უკვე თავად ბატონმა ბიძინამ თქვა თავის სიტყვაში, მე მინდა გითხრათ, რომ ფასდაუდებელი იყო მისი როლი ბოლო 3 წლის განმავლობაში. მე პირადად, არ დამიმალავს და დასამალი არაფერი არ არის, მქონია კონსულტაციებიც, იმიტომ, რომ ისეთი რთული პერიოდები გამოვიარეთ, ისეთი რთული კრიზისები გამოიარა გუნდმა მთლიანად, რომ აუცილებელი იყო კონსულტაციების გამართვა, მე ვგულისხმობ, სტრატეგიულ საკითხებზე, რაც უკავშირდებოდა ქვეყნის ბედს, ქვეყნის გადარჩენას და ზოგადად, სწორად ნავიგაციას, ასე ვთქვათ, ამ ტურბულენტურ სიტუაციაში.

ასე რომ, კიდევ ერთხელ, მინდა ყველას მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი, გისურვოთ მშვიდობა, სტაბილურობა. აქვე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება არის ის, რომ როგორც იქნა, ჩვენს ქვეყანაში, ბოლო 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა, დამყარდა უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ქართველ ხალხს მანამდე არც ერთი მმართველის დროს არ გამოუცდია.

ასევე მინდა დავამატო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, პოლიტიკაში მოსვლამდეც და პოლიტიკაში მოსვლის შემდეგაც, მე ვიცოდი და ვიცით ყველამ, რომ ბატონი ბიძინას მთავარი მიზანი და მისი, დავარქვათ ასე, მთავარი მისია, შეიძლება ასე ითქვას და ოცნება არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ქვეყანა უნდა მომზადდეს გასაერთიანებლად. ამ საქმეშიც, რა თქმა უნდა, ამ ყველაზე დიდ, ეროვნულ საქმეში ბატონი ბიძინას როლი იქნება უნიკალური და შეუცვლელი“, - აღნიშნა პრემიერმა.