საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: ის, რომ თუნდაც მე მქონოდა კონსულტაცია ბიძინა ივანიშვილთან ყველაზე კრიზისულ დროს ამა თუ იმ დიდ საკითხზე, ამაში არაფერი გასაკვირი არ არის

 საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. ის, რომ თუნდაც მე მქონოდა კონსულტაცია ბიძინა ივანიშვილთან ყველაზე კრიზისულ დროს, ამ გუნდს, ზოგადად, იგივე პარტიის თავმჯდომარეს, ამა თუ იმ დიდ საკითხზე, რჩევის მიღების მიზნით, ამაში, მე ვფიქრობ, არაფერი გასაკვირი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, ცდილობს, რომ მოისმინოს ჭკვიანური, ბრძნული აზრი.

როდესაც გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, იცით, რომ ყველა ნორმალური ადამიანი და ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია ხალხის წინაშე, ცდილობს, რომ მოისმინოს ჭკვიანური ბრძნული აზრი, რჩევა მიიღოს. პრეტენზია აქვთ დღეს საზოგადოებაში, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, ვიღაც ყოფილ პრეზიდენტებს და კრიმინალებს, რომ მათ უნდა მიიღონ ამ გადაწყვეტილებებში მონაწილეობა. ძალიან ბევრჯერ მოგვისმენია, იგივე, მათგან ყოფილა შემოთავაზება, რომ დავსხდეთ ერთად, ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა. მემგონი, არც ერთ ქვეყანაში არავის არ უკვირს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მითუმეტეს პარტიის თავმჯდომარე, დამფუძნებელი და ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი კიდევ უფრო მეტად დიდია, ვიდრე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვინაიდან, იგი არის ამ პარტიის დამფუძნებელიც, მთავარი შემოქმედი 2012 წლის გამარჯვების და შემდეგი გამარჯვებების და ამ სტაბილური პერიოდის. ის, რომ თუნდაც მე მქონოდა ყველაზე კრიზისულ დროს, ამ გუნდს, ზოგადად, იგივე პარტიის თავმჯდომარეს, კონსულტაცია ამა თუ იმ დიდ საკითხზე, რჩევის მიღების მიზნით, ამაში, მე ვფიქრობ, არაფერი გასაკვირი არ არის“, - განაცხადა პრემიერმა.