რელიგია
სტალინი სამებაში - სკანდალი ბელადის ხატის გამო

 საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. წმინდა სამების საკათედრო ტაძარში წარმოდგენილი წმინდა მატრონა მოსკოველის ხატი, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზე საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინია გამოსახული, ქართულ საზოგადოებაში კონფლიქტის საგანი გახდა და ნამდვილი სკანდალი გამოიწვია.

საუბარია ხატწერისთვის დამახასიათებელ ფრაგმენტებზე, რომლებიც ძირითადი ხატის ერთგვარ განმარტებებს ან კომენტარებს წარმოადგენს მცირე სიუჟეტების სახით.

საზოგადოებაში მღელვარება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა შობის წინა დღეს გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც ხატის ერთ-ერთ სიუჟეტურ ფრაგმენტზე გამოსახულია სტალინი. თავის პოსტში ოპოზიციონერმა სტალინს საქართველოს დამოუკიდებლობის განადგურების ინიციატორი, ათასობით სამღვდელო პირის მკვლელი და საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შემქმნელი უწოდა.

რუსული საინფორმაციო ომის მანქანის მორიგი წარმატება რომელიც დროა შევიმჩნიოთ", - დაწერა კანდელაკმა სოციალურ ქსელში.

ინფორმაციამ ფართო რეზონანსი გამოიწვია არა მხოლოდ სოციალურ ქსელში, არამედ ოპოზიციურ მასმედიაშიც. თუმცა, ოფიციალური განცხადება ამ საკითხზე საპატრიარქოს მხრიდან ჯერჯერობით არ ყოფილა.

ეს საკითხი განმარტა მხოლოდ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. როგორც მან აღნიშნა, საკითხი შობის დღესასწაულზე შემთხვევით არ წამოწიეს და ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც დღესასწაულის გადაფარვა უნდათ სკანდალით.

ამას მატრონას ხატი ეწოდება და არა სტალინის… თუ წმინდა გიორგის ფრესკაზე სადმე დიოკლიტიანეა გამოსახული, ეს დიოკლიტიანეს ხატი არ არის", - განაცხადა ჯაღმაიძემ.

სტალინის ხატი, როგორც ასეთი, არ არსებობს, განაცხადა თავის მხრივ არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა ტელეკომპანია "ტვ პირველის" ეთერში.

როგორც მჭედლიშვილმა აღნიშნა, ხატზე ადამიანები ლოცულობენ, სტალინის ხატი კი, როგორც ასეთი არ არსებობს. ეს სიცრუეა. ესაა წმინდა მატრონას ხატი, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოიტანეს. მასზე, სადღაც კუთხეში დახატულია რაღაც ისტორიული ფაქტი, რომ თითქოს სტალინი იქ მივიდა. სულ ესაა. რა შუაშია აქ სტალინის ხატი? ძალიან არასწორი და მიზანმიმართული პროპაგანდაა, განაცხადა არქიმანდრიტმა.

როგორც აღმოჩნდა, წმინდა მატრონას ხატი სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს. ინაშვილის ინფორმაციით, ხატი ქართველმა ხატმწერმა დაწერა და რამდენიმე წლის წინ სამებას შესწირა, ხატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ინაშვილმა სრული უწიგნურებისა და სიბნელის ზეიმი უწოდა.

„რატომ არის გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე სტალინი? ამ ხატზე არის წარმოდგენილი მისი ცხოვრების ერთერთი ეპიზოდი - სტალინის მატრონასთან შეხვედრა, როდესაც უღმერთო რეჟიმის წარმომადგენელი, ხელისუფალი იძულებულია წმინდანს შეხვდეს და იძულებულია ფრონტზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ ესაუბროს", - განაცხადა ინაშვილმა თავის ვიდეომიმართვაში.