საზოგადოება
სკანდალი წამლების ფასებთან დაკავშირებით - მინისტრის ახალი კომენტარი

 საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. ფარმაცევტულ კომპანიებს შეუძლიათ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი შეთანხმებულად მოქმედებდნენ იმ მედიკამენტებზე ფასების ხელოვნურად გაზრდის მიზნით, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამა ფარავს, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

კონკურენციის სააგენტომ დაადგინა, რომ 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით) კომპანიები Aversi, PSP, GEPHA (რომელშიც შედის GPC და Pharmadepot), Mermisi, შეთანხმდნენ და სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ერთნაირი ფასები დააწესეს. კონკურენციის შესახებ კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმება, გადაწყვეტილება და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებული აქტები) დარღვევისთვის მათ 52,7 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა დაეკისრათ.

რასაკვირველია, შეუძლიათ, გაასაჩივრონ სასამართლოში და ამტკიცონ თავიანთი სიმართლე, თუმცა ფაქტი საკმაოდ ცხადი, მკაფიოა, სადაც კონკრეტულად ვხედავთ იმ შეთანხმებულ ქმედებებს, რაც, სამწუხაროდ, ამ კომპანიებს შორის იყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული, ხელოვნურად გაზრდილი ფასების საფუძველზე ბიუჯეტიდან რომ მომხდარიყო გაცილებით მეტი თანხის გადახდა“, - განაცხადა აზარაშვილმა.

აზარაშვილის თქმით, კომპანიებმა ვერ წარუდგინეს კონკურენციის სააგენტოს ვერანაირი არგუმენტი საიმისოდ, რომ უწყებას გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ გამოეტანა.

ზოგ შემთხვევაში სამჯერ და ოთხჯერ იყო გაძვირებული მედიკამენტები, და პაციენტები რჩებოდნენ წამლების გარეშე, რადგან ნაადრევად ხდებოდა ჯანდაცვის სამინისტროს ლიმიტების ამოწურვა, აღნიშნა მინისტრმა.

მკაცრი რეაგირების შემდეგ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი ფაქტი აღარ განმეორდება, თუმცა მაქსიმალურად ყურადღებით ვართ. ამისთვის სპეციალური ბაზებიც კი გვაქვს შექმნილი. ყოველდღიურად მონიტორინგს ვუწევთ როგორც ონკოლოგიური, ასევე ნებისმიერი მედიკამენტის ბრუნვას ფარმაცევტულ ბაზარზე, აგრეთვე მათ ნაშთებს ხელოვნური დეფიციტის არშექმნის მიზნით, რომ მოვახდინოთ ამის პრევენცია“, - აღნიშნა აზარაშვილმა.

ერთ-ერთი ბოლო კვლევის შედეგების მიხედვით, GPC და Pharmadepo-ს სააფთიაქო ქსელი 20,3 მლნ ლარით დაჯარიმდა, PSP –17 მლნ ლარით, „ავერსი“ – 14,4 მლნ ლარით.

ამასთან, კომპანიები Aversi, PSP და Mermisi სასამართლოში კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. ეს გადაწყვეტილება ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიები კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.

დეკემბრის შუა რიცხვებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა რამდენიმე ქართული ფარმაცევტული კომპანია მედიკამენტებზე ფასების ხელოვნურ გაზრდაში და ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის შესაძლებლობების შეზღუდვაში. ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ საკითხის შესწავლის თხოვნით კონკურენციის სააგენტოს მიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში იმპორტის ფასთან შედარებით 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება.

რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.

კონკურენციის სააგენტომ ასევე გამოავლინა სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე მედიკამენტებზე ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები, მაგალითად, ასე მოხდა ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატის შემთხვევაში.

კონკურენციის სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ქმედება კანონმდებლობის დარღვევის მძიმე ფორმას წარმოადგენს.