საზოგადოება
2023 წელს გერმანიას თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 9 399-მა მოქალაქემ მიმართა, საიდანაც განაცხადების მხოლოდ 0,3% დაკმაყოფილდა

 საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. 2023 წელს გერმანიას თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 9,399-მა მოქალაქემ მიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახური ავრცელებს.

გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით პირველ ადგილზე სირია იმყოფება. 2023 წელს გერმანიაში თავშესაფარი 104,561-მა სირიელმა მოითხოვა. მოწინავე ხუთეულში შემდეგ ადგილებს თურქეთი (62,624), ავღანეთი (53,582), ერაყი (12,360) და ირანი (10,206) იკავებენ.

მეექვსე ადგილზე მყოფი საქართველოდან გერმანიაში თავშესაფარი პირველად 8,414-მა ადამიანმა მოითხოვა. გერმანიამ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების 0,3% დააკმაყოფილა.

გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალურმა სამსახურმა 2023 წლის ბოლო სამი თვის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შემცირდა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ოქტომბერში საქართველოდან თავშესაფარი 448-მა ადამიანმა მოითხოვა, ნოემბერში – 417-მა, ხოლო დეკემბერში – 351-მა.

სულ, 2023 წელს, გერმანიაში თავშესაფარი 351,915-მა ადამიანმა მოითხოვა, რაც წინა წელთან შედარებით 51,1%-ით მეტია.

შეგახსენებთ, 2023 წელს გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად ცნო, რაც თავშესაფრის მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხის შემდეგ საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას აადვილებს.