საზოგადოება
ცესკო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების სარეგისტრაციო პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

 საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიების სარეგისტრაციო პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდება 2024 წლის 26 ოქტომბერს. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიების რეგისტრაციის პროცედურები ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 113-მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად.

გაცნობებთ, რომ 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე რეგისტრირებული პარტიები: 1. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; 2. „ლელო საქართველოსთვის“; 3. „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – „გირჩი“; 4. „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“; 5. „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“; 6. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; 7. „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“; 8. „კანონი და სამართალი“; 9. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; 10. „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“; 11. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“; 12. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“; 13. „პროგრესი და სამართალი“ აკმაყოფილებენ საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობას და საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დროისათვის ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები“, – აღნიშნულია ცესკო-ს ინფორმაციაში.

როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, აღნიშნულმა პარტიებმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართონ ცესკო-ს თავმჯდომარეს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა.

პარტიამ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის 113-მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად საქართველოს პარლამენტის არჩევნების წლის პირველი იანვრიდან 15 ივლისამდე პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკო-თავმჯდომარეს და განცხადების წარდგენისთანავე მას გადაეცემა მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია ვალდებულია, პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს პირველი აგვისტოსი, ცესკო-წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკო-სათანადო სამსახური ამოწმებს საარჩევნო კოდექსის 38-მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში.

ასევე, შეგახსენებთ, რომ განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ცესკო-სთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო ათი დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც სურთ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა. დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 2 51 00 51“, – ნათქვამია ცესკო-ს ინფორმაციაში.