უცხოეთი
დონალდ ტრამპი ნიუ იორკის სასამართლოში სამოქალაქო თაღლითობის საქმეზე დასკვნითი არგუმენტების მოსასმენად მივიდა

 საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ იორკის სასამართლოში სამოქალაქო თაღლითობის საქმეზე დასკვნითი არგუმენტების მოსასმენად მივიდა.

დონალდ ტრამპმა საქმეს „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა და აღნიშნა, რომ მოგვიანებით უფრო მეტ დეტალზე ისაუბრებს, რადგან ამის საშუალებას ახლა მოსამართლე არ აძლევს.

„ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის არაკონსტიტუციური ნადირობა კუდიანებზე. ეს არის არჩევნებში ჩარევა ყველაზე მაღალ დონეზე. ეს სირცხვილია. ეს კოორდინაციაშია თეთრ სახლთან და ჯო ბაიდენთან, რადგან მას არ შეუძლია საარჩევნო კამპანიის სამართლიანად წარმართვა. ამიტომ ჩვენ გვიწევს ამ ყველაფრის გავლა. მოგვიანებით ამ თემაზე პრესკონფერენციასაც გავმართავ. მოცემულ მომენტში მოსამართლე არ მაძლევს შემაჯამებელი სიტყვის უფლებას, რადგან მას არ სურს იმის მოსმენა, რასაც მოვყვები”,- აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ სასამართლო არასამართლიანია და ამ საქმეზე გამოყენებულია კანონი, რომელიც მას არ აძლევს ნაფიცი მსაჯულების ყოლის საშუალებას.

„მე ახლა არ მყავს ნაფიცი მსაჯულები და ნამდვილად არ მაქვს უფლებები. ეს არაკონსტიტუციურია”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მედიის ცნობით, აღნიშნულმა საქმემ, შე­საძ­ლოა, დო­ნალდ ტრამ­პის ბიზ­ნესიმ­პე­რი­ას დიდი ზა­რა­ლი მი­ა­ყე­ნოს.

დონალდ ტრამპს, მის ორ ვაჟსა და სხვა პირებს ათწლეულის მანძილზე ხელსაყრელი საბანკო სესხებისა და დაზღვევის პირობების უზრუნველსაყოფად აქტივების ღირებულების გაზრდას ედავებიან.

მოსამართლემ უკვე დაადგინა, რომ დონალდ ტრამპმა თაღლითობა ჩაიდინა, მაგრამ ახლა შესაბამისი ჯარიმა უნდა განისაზღვროს.

1tv.ge