რელიგია
ესტონეთის მთავრობამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლის, ტალინისა და სრულიად ესტონეთის მიტროპოლიტის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. ესტონეთის მთავრობამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლის, ტალინისა და სრულიად ესტონეთის მიტროპოლიტის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

მიტროპოლიტ ევგენის ესტონეთში ბინადრობის უფლების ვადა აღარ გაუხანგრძლივეს.

როგორც ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მიტროპოლიტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას და მან ქვეყანა 6 თებერვლამდე უნდა დატოვოს.

როგორც ესტონეთის ძალოვან უწყებებში აცხადებენ, მათი წარმომადგენლები არაერთხელ შეხვდნენ მიტროპოლიტ ევგენის და განუმარტეს, რომ მან უნდა შეწყვიტოს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის გამართლება. თუმცა, მათივე თქმით, მიუხედავად ამისა, სასულიერო პირმა „ქცევა არ შეცვალა“, რაც, ესტონეთის ხელისუფლების განმარტებით, „არ შეესაბამება ესტონეთის ღირებულებებსა და სამართლებრივ გარემოს“.

თავად მიტროპოლიტი ევგენი აცხადებს, რომ არ წარმოადგენს საფრთხეს ესტონეთისთვის.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტს ესტონეთში ბინადრობის მოკლევადიანი ნებართვა ჰქონდა. უკანასკნელად ესტონეთში ცხოვრების უფლების ვადა მას უკრაინაში ომის დაწყებამდე გაუხანგრძლივეს.