საზოგადოება
„ჩვენ ვკარგავთ არა მარტო აფხაზებს, არამედ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებსაც“

qiria-55როგორც საქინფორმის კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან გვატყობინებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა ზუგდიდში მოქმედ აფხაზეთის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. „საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა ასეთი შეხვედრები, შემდგომ იქნება შემაჯამებელი სხდომა და ჩვენს მოსაზრებებს წარვუდგენთ საპარლამენტო კომისიას, რომელიც გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს. ჩვენ ვემიჯნებით გრანტიჭამიებს და გვინდა, ვითანამშრომლოთ იმათთან, ვისაც მართლა სტკივა აფხაზეთი“, – განუცხადა თამაზ ხუბუამ შეხვედრის მონაწილეებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა თავიანთი გულისტკივილიც გამოთქვეს. „მოდი, ვილაპარაკოთ ღიად და პირდაპირ. თუ ნდობის აღდგენაზეა საუბარი, ლაპარაკის ტონი უნდა შევცვალოთ და თავი უნდა შევიკავოთ არაკორექტული გამონათქვამებისაგან. ტელევიზიებით გადაიცემა ცრუ ინფორმაციები, რეალობა კი სულ სხვაა. შესაძლებელია მრავალი პროექტის განხორციელება, მაგარმ ეს არავის უნდა. არ ჩანს აფხაზეთის მთავრობაც, რომელიც დევნილებთან ახლოს უნდა იყოს. ჩვენ ვკარგავთ არა მარტო აფხაზებს, არამედ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებსაც“, – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებამა.

 

საქინფორმი