რელიგია
ოთხ რელიგიურ გაერთიანებას სახელმწიფო დაფინანსება ეზრდება

 საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2 თებერვალს განაცხადა, რომ 2024 წელს ოთხი რელიგიური გაერთიანებისთვის (ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხურ-სამოციქულო) სახელმწიფო დაფინანსება 1 მილიონით ლარით, 5.5 მილიონი ლარიდან 6.5 მილიონ ლარამდე გაიზრდება.

ოთხივე რელიგიური გაერთიანება 2014 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ეს ცოტა ხნის წინ გადამდგარი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება იყო, რომელიც მან პირველი ვადის დროს მიიღო.

სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ დაფინანსების მიზანია საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურება. სწორედ ეს იყო 2014 წელს გაცხადებული მიზანი, როდესაც ოთხი რელიგიური გაერთიანებისთვის სახელმწიფო დაფინანსების გამოყოფის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ამავდროულად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც 2002 წელს დადებული საკონსტიტუციო შეთანხმება სპეციალურ სტატუსს და მნიშვნელოვან პრივილეგიებს ანიჭებს, ასევე ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის 25 მილიონი ლარია გამოყოფილი.